"ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოო? მოდი მიკბინე, მიკბინე!" - თბილისში ვეგეტარიანულ კაფეზე თავდასხმის ახალი დეტალები

"ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოო? მოდი მიკბინე, მიკბინე!" - თბილისში ვეგეტარიანულ კაფეზე თავდასხმის ახალი დეტალები

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ვეგეტარიანულ კაფეში "კივი" ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფი ყვირილით შევარდა კაფეში და "სოსისები და მწვადები შეყარა". ბარმენის და მიმტანების მოწოდებას, გარეთ გასულიყვნენ, შეხლა-შემოხლა მოჰყვა. თავდაპირველად ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ნონო ანთაძემ დაწერა.

"მივედი კივიში, ვერცხლის ქუჩაზე ძაან საყვარელი და გემრიელი ვეგეტარიანული კაფეა, შევუკვეთე 2 ბურგერი და 2 ლიმონათი, დავჯექი და ველოდებოდი ანას, თან ანიმაციური ფილმი გაუშვეს კედელზე და ვუყურებდით... იყო სიმშვიდე და კარგი სიტუაცია, ამ დროს კაფეში შემოვიდა ნაცისტური დაჯგუფების 10 ყ*ე და შემოყარეს კაფეში სოსისები, შამფურით მწვადები და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. ბარმენმა და მიმტანმა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უთხრეს გაჩუმებულიყვნენ ან გასულიყვნენ გარეთ. ატყდა შეხლა-შემოხლა, დანების ტრიალი, მზარეულს გაუხეთქეს წარბი, დაასისხლიანეს, მიმტანი გოგო ითრიეს თმებით, აფეთქდა მაშხალები, მოვარდნენ მეზობლები, რომლებიც მოითხოვდნენ სიწყნარეს და სულ ფეხებზე ეკიდათ, ვინ იყო მართალი. ვიღაც აივნიდან გამოდგა და ჰაერში ისროდა! იმედი მაქვს გაზის იარაღით... მოვიდა პატრული, 10 ყ*ე უკვე გაქცეული იყო... პატრულმა იმის გამო, რო ბარში მომსახურე პერსონალს და სტუმრების უმეტესობას პირსინგები, დრედები და იროკეზები ჰქონდა, ჩათვალა, რო ჩვენ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორები, 2 კამერაა იქვე და იმედია ნახავენ ჩანაწერს და გაიგებენ რაც მოხდა. მოკლედ ყველაფერი საშინელება გამიგია ამ ქვეყანაში, მარა - ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოოო??? - ეგეთი აღარ გამიგია! - ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოოო??? მოდი მიკბინე, მიკბინეეე!!! - 13 წელია ხორცი არ მიჭამია, მარა ასეთი არ გამიგია და რა ვქნა", - დაწერა ნონო ანთაძემ.

იხილეთ კაფეში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები

მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე Palitratv.ge-სთან საუბრისას ინციდენტის თვითმხილველებმა ისაუბრეს. "ფილმის ჩვენება გვქონდა. 15-20 ბავშვი იყო ფილმის სანახავად მოსული. შემოვიდა ათამდე ბიჭი და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი, სოსისები ეკეთათ კისერზე. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. რამდენჯერმე გაფრთხილება მიეცათ, რომ კაფე დაეტოვებინათ. უნდოდათ პროვოკაცია. კაფის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დასცინოდნენ, აგინებდნენ. დაასისხლიანეს მზარებული ბიჭი. წარბი ჰქონდა გახეთქილი. შემდეგ ბარმენმა პატრული გამოიძახა და ამასობაში ის ათიოდე კაცი გაიქცა. პატრული რომ მოვიდა, მათი მხრიდან ცოტა არასერიოზული დამოკიდებულება იგრძნობოდა", - იხსენებენ თვითმხილველები.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ შემთხვევის მომენტში ბარში მყოფი პირები, ერთი მხარე. ასევე გამოიკითხება მეორე მხარეც. გამოკითხვის პროცესის დასრულების შემდეგ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს", - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ