ბათუმში ბიზნესმენი საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში ბიზნესმენი საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს

ორი დღის წინ, ბათუმში ბიზნესმენი ალიკა დავითაძე გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც დავითაძის გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. ბიზნესმენის ოჯახი შსს-ს ვერსიას არ ეთანხმება და ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენი მოკლულია. Ambebi.ge ბიზნესმენის შვილიშვილს გიორგი დავითაძეს ესაუბრა:

"გუშინწინ, სახლის წინ მოხდა მკვლელობა. ცოტა ხნის წინ, ბაბუამ მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თავში ჰქონდა სისხლჩაქცევები, რაც მაღალი წნევით იყო გამოწვეული. როდესაც ის გარდაცვლილი ვიპოვეთ, ყურიდან სისხლი სდიოდა. ვიფიქრეთ, რომ ეს წნევის ბრალი იყო. როცა სახლში დავასვენეთ, პოლიცია მოვიდა და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ღამის 4 საათზე გაირკვა, რომ ყურში იარაღი ჰქონდა ნასროლი. ამის შემდეგ მთელი ოჯახი წაგვიყვანეს დაკითხვაზე, დაწყებულია გამოძიება.

- ბაბუათქვენი აჭარაში გავლენიან ადამიანად ითვლებოდა, შეიძლებოდა ყოლოდა მტრები?

- მტრები ყველას ჰყავს და ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული მასაც ჰყავდა მტრები. სააკაშვილის დროს ავტომატი ჩაუდეს, უნდოდათ ბიზნესი დაეთმო, მაგრამ მან არ დათმო და ბოლომდე იჯდა ციხეში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უმეტესაც სახლში იჯდა, ბიზნესი მე და დედაჩემს გადმოგვაბარა, ხანდახან მოდიოდა ობიექტებზე და აკონტროლებდა. მეზობლებს არაფერი შეუნიშნავთ და ეჭვმიტანილიც კი არ ჰყავს პოლიციას.

იხილეთ ვიდეო

- შსს-მ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა, ჰქონდა იარაღი ბაბუათქვენს?

- ბაბუაჩემს იარაღი არ ჰქონდა, შემთხვევის ადგილზეც არაფერი არის ამოღებული. მას თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა, ბედნიერი იყო თავის შვილიშვილებთან ერთად.

- რა ბიზნესს ფლობს თქვენი ოჯახი?

- რამდენიმე ბიზნესი გვაქვს, რესტორნები, სუპერმარკეტები, სააფთიაქო ქსელი, ფქვილის ბიზნესი, გადამზიდავი კომპანია და ა.შ. სააკაშვილს უნდოდა ამ ბიზნესების ჩამორთმევა, ამიტომაც დააკავა, მაგრამ ბაბუაჩემმა არაფერი დათმო. მხოლოდ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი წაგვართვეს, სადაც სუპერმარკეტი გვქონდა. სააკაშვილმა წაგვართვა, დაანგრია და ახალი შენობა ააშენა. "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოვიგეთ სასამართლო დავა და ეს ქონება დაგვიბრუნეს. ახლა სასამართლო დავაც კი არ გვაქვს არაფერზე. საეჭვო არაფერი შეგვინიშნავს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ დადიოდა ფარულ მოლაპარაკებებზე, ასეთი რაღაცეები უფრო წინა წლებში ხდებოდა და ჩვენც აღარ ვაქცევდით ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას, არაფრის შიში არ გვქონდა ზღვაზეც მარტო გადიოდა, ამიტომ გვიკვირს რაც მოხდა და სრულ გაურკვევლობაში ვართ. იმედი გვაქვს, გამოძიება სწორად წარიმართება, მაგრამ საიდუმლო ვითარებაში მოხდა ბაბუაჩემის მკვლელობა და არ ვიცი როგორ მოახერხებენ ამას.

ცნობისთვის, ალიკა დავითაძე აჭარაში გავლენიან ბიზნესმენად ითვლებოდა. ის ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული დღემდე არაერთ ბიზნესს ფლობდა. დავითაძე მიხეილ სააკაშვილის დროს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს, რისთვისაც სასჯელის სახით 5 წელი და სამი თვე ციხეში გაატარა. პატიმრობაში მყოფმა დავითაძემ საკუთარი ბიზნესი შვილიშვილს და რძალს გადასცა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ