გამოძიების რა დეტალებს აყენებს ეჭვქვეშ კიწმარიშვილის ოჯახი

 გამოძიების რა დეტალებს აყენებს ეჭვქვეშ კიწმარიშვილის ოჯახი

ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე თავის არეში და მარჯვენა ხელის მტევანზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა, თუმცა გამოძიების სამართლებრივ შეფასებაში ეს დაზიანებები გამოტოვებულია, - ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მერაბ ჩიქოვანის თქმით, გამოძიება ამტკიცებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკის კვალი დატოვებულია ავტომობილის უკანა სავარძელზე, ასევე ავტომობილის წინა სავარძლის თავის საყრდენზე. ადვოკატი ეჭვს გამოთქვამს, თუ რატომ არ აღმოჩნდა ავტომობილში სხვა პირების ტანსაცმლის კვალი, ასევე რატომ არ არის ეროსი კიწმარიშვილის მაისურის ან სხვა ტანსაცმლის კვალი ავტომობილში, ამასთან, საიდან აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკის კვალი წინა სავარძელზე, როდესაც პიჯაკს მხოლოდ უკანა სავარძელზე ინახავდა.

ადვოკატებმა იარაღზე აღმოჩენილ დნმ-ზეც ისაუბრეს.

"იარაღზე აღმოჩენილია დნმ-ის კვალი. ეს დნმ იარაღის ლულაზე ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, ხოლო სასხლეტზე აღმოჩენილია დნმ-ის ორი კვალი. პროკურატურა გადაჭრით ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, თუმცა ექსპერტიზა ამ ფაქტთან რადიკალური არ არის და ამბობს, რომ შესაძლოა სასხლეტზე აღმოჩენილი კვალი ეკუთვნოდეს ეროსი კიწმარიშვილს. კითხვა ჩნდება, თუ რატომ არის პროკურატურა ასე დარწმუნებული აღნიშნულში", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ამასთან, ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იყო. არგუმენტად კი ზურა კიწმარიშვილს ავტომობილის გარეთ სისხლის კვალის არ არსებობა მოჰყავს.

"პროკურატურის ინფორმაციით, ფანჯარა იყო ჩაწეული. გასროლის შემდეგ, იმ ადგილზე, სადაც ავტომობილი იდგა, არც კედელზე და არც იატაკზე სისხლის მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იდგა", - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა. პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვეტა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ