შემთხვევა ლანჩხუთში: სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ პატრულმა სცემა, შსს-ს ცნობით კი, მან თვითდაზიანება მიიყენა

შემთხვევა ლანჩხუთში: სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ პატრულმა სცემა, შსს-ს ცნობით კი, მან თვითდაზიანება მიიყენა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გაბრიელი (კახელიშვილი) საპატრულო პოლიციის ათამდე თანამშრომელმა, დღეს, დილით სცემა. ასე განუცხადა "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირმა:

"მოვდიოდი ქობულეთიდან აცანის მიმართულებით, ლანჩხუთში გამაჩერა საპატრულო ეკიპაჟმა, ვუთხარი რომ ორი ჭიქა არაყი მქონდა მიღებული და ბოდიში მოვუხადე ამის გამო. ერთ ერთმა თანამშრომელმა მითხრა მანქანა გადააყენეო, მეც მივაყენე "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისთან, იქვე, ამ დროს თავს დამესხა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და ათამდე პოლიციელი, დამადეს ხელბორკილები, გადამიყვანეს მათ მანქანაში და თითქმის მთელი საათი უმოწყალოდ მცემდნენ, ვერ ვლაპარაკობ, პირიდან სისხლი მომდის, ყველა მცემდა" - აღნიშნა საუბრისას მამა გაბრიელმა.

თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციელებმა ეკლესიის წინამძღვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პატრულის თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, ხოლო კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.

იხილეთ ვიდეო

"პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა გაბრიელ კახელიშვილი. პატრულის თანამშრომლებმა მას სახლში გადაყვანა შესთავაზეს, რასაც სასულიერო პირის მხრიდან აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ამის შემდეგ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით სასულიერო პირი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, გადაყვანისას კი მან პოლიციის მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალაც", - აცხადებენ შსს-ში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სასულიერო პირი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. ამჟამად მიმდინარეობს საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. მომხდარის შესახებ შსს-ს მხრიდან ეცნობა საპატრიარქოსაც.

უწყება ფაქტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში ოფიციალურ განცხადებასაც გაავრცელებს.

ფოტო: გურიის მოამბე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ