პროკურორი ადასტურებს, რომ ზურაბ ჯამალაშვილთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა

 პროკურორი ადასტურებს, რომ ზურაბ ჯამალაშვილთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა

პროკურორი ადასტურებს, რომ ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა და ამ შეხვედრას მისთვის აყვანილი სახაზინო ადვოკატი ესწრებოდა. როგორც ლაშა კოტრიკაძემ აღნიშნა, ზურაბ ჯამალაშვილთან ის გუშინ საღამოს შევიდა და აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მისი ინტერესების დამცველის გიორგი ფოფხაძისთვის. თუმცა როგორც პროკურორმა აღნიშნა, გიორგი ფოფხაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ გამოცხადდა, რის გამოც ზურაბ ჯამალაშვილს აუყვანეს სახაზინო ადვოკატი.

"მოგეხსენებათ, რომ საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე უნდა გამართულიყო და ამიტომ საჭირო იყო ადვოკატის ყოფნა. ბატონ გიორგი ფოფხაძეს დაუკავშირდა გამომძიებელი, თუმცა მან არ უპასუხა ტელეფონს, შედგა ასევე კომუნიკაცია ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლესთან და სთხოვეს, რომ იქნებ რამენაირად დაკავშირებოდნენ გიორგი ფოფხაძეს", - განაცხადა პროკურორმა.

მანამდე კი ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანის ადვოკატმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა და განმარტა, რომ მისი საადვოკატო ბიუროს ერთ-ერთი ადვოკატი მამუკა ბასილაშვილი სწორედ ის ადვოკატია, რომელიც საქმეში ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატად ჩაერთო და შესაბამისად, კანონდარღვევაა ერთი და იგივე საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელმა ერთ საქმეზე ბრალდებული ორი პირი დაიცვან, მითუმეტეს, რომ ერთი ბრალდებული, ზურაბ ჯამალაშვილი არ აღიარებს ბრალს, მეორე ბრალდებული ინგა ჩატოიანი კი აღიარებს.

ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ ინგა ჩატოიანის თვითაცილების შუამდგომლობა "ერთი თამაშის პატარა ჩაწოდებად" შეაფასა და აღნიშნა, რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რათა საქმის არსებითად განხილვის დაწყება გააჭიანუროს.

გიორგი ფოფხაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებული ზეწოლის შესახებაც ისაუბრა.

"არავითარი მტკიცებულება პროკურატურას ამ საქმეში არ აქვს და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ის, რომ ზურაბ ჯამალაშვილს და ირაკლი ფხალაძეს ზეწოლის შედეგად აღიარებინონ დანაშაული და გაუფორმონ საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ