"არ მინახავს ასეთი სისასტიკე, ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ" - მაია და გუკა რჩეულიშვილები პროკურატურაში დაიბარეს

"არ მინახავს ასეთი სისასტიკე, ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ" - მაია და გუკა რჩეულიშვილები პროკურატურაში დაიბარეს

მაია და გუკა რჩეულიშვილები დღეს თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებულები. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა განუცხადა, გუკა რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში 11:00 საათზეა დაბარებული, ხოლო ის - 13:00 საათზე.

"ჩვენების მისაცემად ვარ დაბარებული. საქმე "მაგნოლიას" პროექტს ეხება. მე მივალ, გუკა - არ ვიცი, ის საერთოდ არ ჩანს. არაფერი ვიცით გუკაზე, სად არის. ეს საერთოდ ჰგავს პოლიტიკურ დევნას. გუკა საერთოდ არაფერ შუაშია. ყურით მოთრეული ამბავია. არ მინახავს ასეთი სისასტიკე, რომ ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ. ჯერ ეს საქართველოს არც ერთ ხელისუფალს არ უკადრია", - განუცხადა "ინტერპრენიუსს" მაია რჩეულიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, მხარე არის ის და თუ ვინმე შეიძლება დაობდეს, ეს თავადაა.

"გუკას მხოლოდ მე შეიძლება მოვდავებოდი. პროკურატურას ძალიან არაჯანსაღი დაინტერესება აქვს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა - შური და ზიზღი, მეტი არაფერი", - ამბობს მაია რჩეულიშვილი.

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი კვლავ საუბრობს მის წინააღმდეგ ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის დაინტერესებაზე.

"ერთ-ერთ ობიექტს ერთად ვაშენებდით. კბილაშვილის იყო მიწა, ჩემი - აშენებული შენობა. ეს არის ობიექტი "ქორთიარდ-მარიოტის" ეზოში. ბლოკით აშენებული კარკასული შენობაა. კბილაშვილმა ხარვეზიანი მიწა მომცა - 20 თუ 30 კვ.მ. მეზობლის იყო. იქ ავაშენეთ და ვეღარ დავამთავრეთ, რადგან სესხის აღება რომ მინდოდა, რათა დამემთავრებინა, მილიონი დავხარჯეთ. სესხზე გვითხრეს, რომ არ მოგვცემდნენ, რადგან მიწა ხარვეზიანი იყო. მერე რა თქმა უნდა, უნდოდა წართმევა, რომ "დროზე რატომ ვერ ააშენე". ჩემთან სულ ასეა, სულ გამოძალვაა - სახლების აშენება უფულოდ უნდათ", - აცხადებს მაია რჩეულიშვილი.

ამასთან, სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორს ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. შესაბამისი მოლოდინი დაკავებულების ადვოკატებს აქვთ, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან წინასწარი დაკავების იზოლატორში წუხელ, გვიანობამდე იმყოფებოდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ