"სულ თავიდან თოკო დამესიზმრა, მანქან­ისკენ მიმათრევდა..." - რას წერს მაგდა პაპიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში

"სულ თავიდან თოკო დამესიზმრა, მანქან­ისკენ მიმათრევდა..." - რას წერს მაგდა პაპიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში

6 ივლისს, ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის ამ ვერდიქტს წინ უსწრებდა ნაფიცი მსაჯულების უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ქართულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა 12-ივე მსაჯულმა ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო. მაგდა პაპიძე ერთადერთი სამუდამო პატიმრობამისჯილი ქალია დღეს საქართველოში.

ბუნებრივია, ამ ვერდიქტს ის არ ელოდა. სასამართლო პროცესებზე თავის უდანაშაულობაში ნაფიცების დარწმუნებას ცდილობდა, არაერთი ემოციური განცხადება გააკეთა, მაგრამ ნაფიცებმა მისი სიტყვები არ ირწმუნეს. მოსამართლის ვერდიქტამდე პროკურორმა სამუდამო პატიმრობა მოითხოვა, ადვოკატმა­ კი, მინიმალური სასჯელი... მოსამართლის ვერდიქტს პაპიძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და სასჯელის მინიმალურ ზომას მოითხოვენ... პაპიძის დედა კი აცხადებს, რომ ეს საქმე სტრასბურგში წავა, რადგან შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

"კვირის პალიტრამ" მოიპოვა მაგდა პაპიძის წერილი, რომელიც მან ადვოკატს, ირმა ბრელიძეს გაუგზავნა. რისი თქმა უნდოდა ამ წერილით ბრალდებულს, უცნობია. წერილი ქვეყნდება ადვოკატისა და თავად მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის თანხმობით.

"ირმა, იმიტომ გწერ, არ ვიცი, ამ კვირაში გნახავ თუ არა. 19 მარტი მომილოცე­ და წახვედი. 19 მარტი რომ მოსაღამოვდა,­ ძალიან გამიჭირდა დაძინება, ვგრძნობდი­, ომარის უნდოდა მოლოცვა (ამ დღეს პაპიძის დაბადების დღეა). გადავწყვიტე, თვალები დამეხუჭა და დამეძინა. მგონი, გავგიჟდი, მე შეგრძნებებითა და სიზმრებით ვცხოვ­რობ მთელი ცხოვრება, მაგრამ ამას სიზმ­არს ვერ დავარქმევ, ყურადღებით წაიკითხე­, მთელი შეგრძნებით, გთხოვ. ჩვენ ეზოში ძაღლი­ გვყავდა, ბაგირა, ეს ძაღლი მე და მახომ გავზარდეთ. ომარისკენ სულ დასაგლეჯად მიიწევდა. ვერ იტანდა, მე ძალიან ვუყვარდი. ერთ დღეს ბაგირა ეზოში მკვდ­არი ვნახე, ძალიან ვინერვიულე... ეს ძაღლი დამესიზმრა. უბანში ვიდექი თხელი სარაფნით, გაურკვევლად, მშვიდი, მაგრამ გვიანი ღამე იყო, ბაგირა ჩემთან გაცხოველებ­ული მოვარდა, კაბაში ჩამავლო პირი და კორპუსისკენ მიმათრევდა. ისე სწრაფად, რომ ვეღარ მივრბოდი. ვიგრძენი, რომ მიწას აცდენილი ვიყავი. მიმაფრენდა ძალიან­ სწრაფად. სადარბაზოსთან მიმიყვანა, შევედით თუ არა, ხელმარჯვნივ ხის კარია, სადაც გიორგი რუსიშვილი ცხოვრობს. ხის კართან­ რკინის ყუთია მიმაგრებული, დენის მრიცხველის, იქამდე მიმიყვანა თუ არა, სწრაფად გაიქცა პირდაპირ, კიბის უკან ბაღებია, დიდი ვიწრო გასასვლელით და იქითკენ გაუჩინარდა.

იხილეთ ვიდეო: მაგდა პაპიძის წერილი ციხიდან, რომელშიც დახოცილ ქმარ-შვილზე წერს

წინ რომ გავიხედე­, ამ რკინის ყუთზე ომარის გვამი, მჯდომარე, მიყუდებული, იგივე ტანსაცმელი ეცვა, თავზე თეთრი პარკი ჰქონდა წამოცმული და კისერზე მარჯვენა მხარეს მოჭერილი და განასკვული მაგრად. რომელ მხარეს აქვს დაზიანება? ვცდილობ, პარკი შევუხსნა, მაგრამ ვერ ვუხსნი, ვეხები და მის სხეულში ვვარდები. თეთრი ყურიანი პარკი კისერზე უმოწყალოდ მოჭერილი, მარჯვნივ განასკვული მაგრად. ამ დროს სიბნელეში ხმა მესმის სიგარეტის მოკიდების. ჩემს ზურგს უკან ვიღაც სიგარეტს უკიდებს. ასანთის ხმა, თამბაქოს სუნი მომდის. გამეღვიძა, მორიგემ მითხრა, ღამის 01 საათი და 48 წუთიაო (მაინც ჩავიწერ ამ დროსაც), შუქი არ ამინთეს და სანთლის­ შუქზე ვწერ. სულ სველი ვარ ოფლისგან, თან 19 მარტი თენდება. ირმა, ბავშვი სად იყო ამ დროს? იქნებ იქით, ბაღებისკენ, სადაც ბაგირა გაიქცა. ლანას წააკითხე, გთხოვ, როგორც კი შეძლებ. მე და ლანა ვეჭვობდით, რომ ბაგირა მარინამ, შორენას ბებიამ მოგვიკლა.

ეს რას ნიშნავს, ომარის თავზე პარკი? საჩალელის ჩვენება, მთელი ცხოვ­რება მარინა და საჩალელი ჯადოებს ერთად­ აკეთებდნენ. ეს ლილიმაც იცის. იქნებ­ ომარი ჯერ მანდ მიაწვინეს და რომ ვერავინ დაინახა, მანქანით უთვალთვალეს და მერე დამიწვინეს კართან. მანამდე ბავშვი, თოკო, სად იყო? იქნებ მანქანაში მარტო, მაგ დროს ხომ არ ჩაიფსა? ეს პარკი იქნებ ომარის მართლაც ჰქონდა ჩამოცმული, ან იქნებ იმას ნიშნავს, რომ ვერ დაინახა, ვინ იყო. გახსოვს, სულ თავიდან თოკო დამესიზმრა, მანქან­ისკენ მიმათრევდა, პარკებიო, მეუბნებოდა...

განაგრძეთ კითხვა ან წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" სტატია ვრცლად : "ირმა, ბავშვი სად იყო ამ დროს?" (ექსკლუზივი)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ