"ეს ჩემთვის მთელი ცხოვრების ტრაგედიად დარჩება, მაგრამ მე მკვლელი არ ვარ" - "მასტერა" რომან სურმანიძის ოჯახს ბოდიშს უხდის

"ეს ჩემთვის მთელი ცხოვრების ტრაგედიად დარჩება, მაგრამ მე მკვლელი არ ვარ" - "მასტერა" რომან სურმანიძის ოჯახს ბოდიშს უხდის

გია დგებუაძე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი რომან სურმანიძის მამას და ოჯახს ბოდიშს უხდის. კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ოთარ სურმანიძეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიმართა და სთხოვა, ნაადრევი დასკვნები არ გააკეთოს.

გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" სურმანიძის ოჯახს ბოდიშს იმის გამო უხდის, რომ მისი შვილისა და მეგობრების სიცოცხლის დაცვა ვერ შეძლო პოლიციამ.

"კარგად მესმის თქვენი განწყობა და მდგომარეობა. ის ტკივილი რაც თქვენი შვილის დაკარგვითაა გამოწვეული, ამის შემსუბუქება და გადატანა ძალიან ძნელია, მაგრამ მე მინდა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ. გამოვხატო ჩემი მწუხარება, ჩემი სინანული როგორც პოლიციელის, რომ ამ სპეცოპერაციაში მე ვიღებდი მონაწილეობას და როგორც ერთ-ერთმა რიგითმა პოლიციელმა ვერ მოვახერხე პოლიციელის უმთავრესი მოვალეობის შესრულება, რაც გამოიხატება ადამიანის სიცოცხლისა და მისი უსაფრთხოების დაცვაში. სამწუხაროდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ თქვენი შვილისა და მისი მეგობრების სიცოცხლის დაცვა. ამიტომ მე ჩემი მხრიდან გიხდით ბოდიშს. მე არ მინდა თქვენ ნაადრევი დასკვნები გააკეთოთ. ისიც კარგად მესმის, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაღაც გარკვეული ზრუნვა იგრძენით თქვენი საქმის მიმართ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ზრუნვა არ არის გამოწვეული თქვენი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ან იმის გამო, რომ ვიღაცას სამართლიანობის აღდგენა უნდა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ძალიან გთხოვთ. მე გახლავართ გიორგი დგებუაძე, 18 წლის სტაჟის მქონე ვიცე-პოლკოვნიკი და ვფიქრობ, ჩემს მოვალეობას პირნათლად ვასრულებდი. გთხოვთ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ყურადღებით ადევნოთ თვალი ამ სასამართლო პროცესებს", - განაცხადა დგებუაძემ.

ბრალდებულის თქმით, მას არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც პროკურატურა ედავება.

"მინდა თვალებში შემოგხედოთ და ისე გითხრათ, არის მცდელობა თქვენი ოჯახის ტრაგედიის გამოყენებისა ისეთი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რატომღაც ლოიალურები არ აღმოვჩნდით გარკვეული პირებისთვის. ეს ტრაგედია ხდება საფუძველი ახალი ოჯახების ტრაგედიებისა. ამიტომ გთხოვთ, ნუ მიიღებთ ყველაფერს ისეთ ფერში როგორც ამას პროკურატურა ხატავს და საკუთარი მიზნების მისაღწევად არ ერიდებიან ისეთი მძიმე შემთხვევის გამოყენებას, რასაც ადგილი ჰქონდა 2006 წლის 12 იანვარს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ვინმეს რაიმე გამართლება უნდა ჰქონდეს ამ მომხდარი ფაქტის გამო. ყველაზე დიდი მარცხი პროფესიონალისთვის და პოლიციელისთვის, თუკი შეიძლება რამე მოუვიდეს, ეს არის ღონისძიების ჩატარების დროს მისი ფატალური შედეგები. ეს ჩემთვის მთელი ცხოვრების ტრაგედიად დარჩება, მაგრამ მე მკვლელი არ ვარ, არც არასოდეს ვყოფილვარ და არც დავუშვებ იმას, რომ ვიღაცამ რაღაც დამაბრალოს. მე ჩემი ცხოვრების ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ეს ჩემი სიმართლე დავამტკიცო. თქვენთან ერთადერთი თხოვნა მაქვს, თუ ამას მიიღებთ, რომ ნუ გამოაყენებინებთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს თქვენს ტრაგედიას, პიარკამპანიების მოსაწყობად და რაღაც შოუების დასადგამად. რაც იყო ცუდი იყო მე ამას ვაფიქსირებ, მაგრამ ამ ცუდის გაგრძელება კიდევ უარესი იქნება", - აღნიშნა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

როგორც გია დგებუაძემ აღნიშნა, მას არაერთხელ უფიქრია იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა იმისთვის, რომ ტრაგიკული შედეგი არ დამდგარიყო, თუმცა ამაზე პასუხი დღემდე არ აქვს.

"მკვლელობის ადამიანზე დაბრალება იწვევს ადამიანებს შორის სისხლით მტრობას, მე ამ ადამიანებთან არაფერი არ მაქვს სამტრო. მე ჩემს შეცდომას ვაღიარებ, თუმცა არ ვიცი როგორ უნდა მოვქცეულიყავი მე შემთხვევის ადგილზე იმისთვის, რომ ეს ფაქტი არ დამდგარიყო. მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდი იმაზე რა შეიძლებოდა მე გამეკეთებინა ისეთი, რათა ეს ტრაგიკული შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე, საქმე ეხება სამი ადამიანის გარდაცვალებას და ამ საქმეში სპეკულაციები, შეთითხნილი ბრალდებები, ცრუ მოწმეები და ცილისწამებები ვფიქრობ, დაუშვებელია. მე, ღმერთისა და თქვენს წინაშე ბატონო ოთარ, პასუხს ვაგებ. მოვა დრო როცა ყველაფრს თავისი სახელი დაერქმევა და თქვენ გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. კიდევ ერთხელ მაპატიეთ, რომ ვერ შევასრულე ჩემი მოვალეობა და ვერ მოვახერხე ამ ღონისძიების ისე ჩატარება როგორც წესი და რიგია და როგორც პოლიციას ეკადრება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ობიექტური მიზეზი არსებობდა ამას გამართლება არ აქვს", - განაცხადა გია დგებუაძემ.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი რომან სურმანიძის მამა ოთარ სურმანიძე სასამართლოში მოწმის სტატუსით დღეს დაიკითხა.

პროკურორების კითხვაზე, ხომ არ ინახავდა მისი შვილი სახლში ავტომატს, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. "ჩვენს სახლში "ჩიტის თოფიც“ არ გვქონია, არათუ ავტომატი", - განაცხადა ოთარ სურმანიძემ.

იხილეთ ასევე: თქვენი შვილი "მორგშია" და თუ არ წაიყვანთ, ხრამში გადავაგდებთო - სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა გორგაძის დედის დაკითხვის დეტალები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ