ინტერპოლმა თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო

ინტერპოლმა თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო

ინტერპოლმა ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია "იბერიას" თავად თემურ ბასილიამ ვაშინგტონიდან ჩართვისას დაუდასტურა.

"რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად მივიღე შეტყობინება ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, საფრანგეთიდან, რომ ჩემზე ძებნა შეწყდა. როგორც კი აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მივიღე, ამერიკელი იურისტის მეშვეობით მივმართე ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს საფრანგეთში. იყო საკმაოდ სერიოზული მიწერ-მოწერა, საკითხის შესწავლა. 2012 წლის დეკემბერში მივიღეთ ინტერპოლიდან ოფიციალური წერილი, სამწუხაროდ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგი წავიდა, მათ არაფრის გაკეთება შეეძლოთ. ერთადერთი შეეძლოთ უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობის უზრუნველყოფა. შემომთავაზეს რაღაც ვარიანტები, რაზეც მე თანხმობა მივეცი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ასეთი კურიოზული სიტუაცია, რომ მე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვიყავი ინტერპოლის არხებით ძებნილი, თუმცა, ამავე დროს, ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს გაცემული ჰქონდა ინსტრუქცია, რომ საზღვრის გადაკვეთის მომენტში ჩემი დაკავება არ მომხდარიყო", - აღნიშნა თემურ ბასილიამ.

მისივე ინფორმაციით, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღების შემდეგ, თემურ ბასილიამ და მისმა ამერიკელმა იურისტმა ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს მიმართეს და დაინტერესდნენ რაში იყო საქმე და რატომ არ ხდებოდა მისი ამოღება ძებნილთა სიიდან.

"როგორც ჩანს, ამას გარკვეული რეაგირება მოჰყვა და როგორც საფრანგეთიდან, ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, ასევე საქართველოს პროკურატურიდან ოფიციალურად მაცნობეს, რომ ინტერპოლის არხებით ძებნა შეწყდა", - აღნიშნა თემურ ბასილიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ