კახა კოჟორიძე - ანა დოლიძემ უფრო მაღალი ქულები მიიღო, ამიტომ გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მიენიჭა პრიორიტეტი ევა გოცირიძეს

კახა კოჟორიძე - ანა დოლიძემ უფრო მაღალი ქულები მიიღო, ამიტომ გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მიენიჭა პრიორიტეტი ევა გოცირიძეს

მაშინ, როცა ანა დოლიძემ ქალბატონ ევა გიცირიძეზე უფრო მაღალი ქულები მიიღო კომისიიდან, ჩვენთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიენიჭა მთავრობის მხრიდან ქალბატონ ევას პრიორიტეტი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი განმარტებით, საუბარია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეზე, ანუ პირზე, რომელმაც ევროპას უნდა დაუდგინოს სამართლის სტანდარტები. ევა გოცირიძემ კი, კოჟორიძის შეფასებით, ქართული სტანდარტები არ, და ვერ დაიცვა.

"ევროსაბჭოს სტანდარტები ამბობს, რომ თითოეულმა სახელმწიფომ ისეთი პროცესით უნდა შეარჩიოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც განამტკიცებს სასამართლოსადმი ისედაც მაღალ ავტორიტეტსა და ნდობას, არ გააჩენს კითხვებს და იქნება გამჭვირვალე. ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფომ ჩაატარა ისეთი პროცესი, რომელმაც თავიდანვე გააჩინა კითხვები და მთავრობის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ამ პროცესს დამატებითი ჩრდილი მიაყენა. მაშინ, როცა ანა დოლიძემ ქალბატონ ევა გიცირიძეზე უფრო მაღალი ქულები მიიღო კომისიიდან, ჩვენთვის გაუგებარია რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიენიჭა მთავრობის მხრიდან ქალბატონ ევას პრიორიტეტი. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ, ალბათ, ჩვენ საერთოდ გვავიწყდება რაზეა საუბარია. საუბარია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეზე, ანუ პირზე, რომელმაც ევროპას უნდა დაუდგინოს სამართლის სტანდარტები. ჩვენს შემთხვევაში, ქალბატონმა ევამ ქართული სტანდარტები არ დაიცვა და ვერ დაიცვა. იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მან მურუსიძეს მეორედ მოაცვა სხვებთან ერთად მოსამართლის მანტია და მერე, საზოგადოებას წერილობითი განცხადებით აცნობა, რომ არ დაიცვა ქართული სტანდარტები და მიიღო რაღაც გაუგებარი ჯგუფური გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც "ადვოკატთა ასოციაცია" მიიჩნევს, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა და პროკურატურაში საჩივარიც კი შეიტანა, ამ ყველაფრის მერე, ცხადია, გაუგებარია ეს პროცესი", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

მისივე შეფასებით, უცნაური ჯაჭვია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "მურუსიძის სამართალს უწოდა გამაოგნებელი", ევა გოცირიძემ სხვებთან ერთად ლევან მურუსიძე კვლავ დანიშნა მოსამართლედ და დღეს, საქართველს მთავრობას სურს, ევა გოცირიძემ მთელს ევროპას დაუდგინოს სამართლის სტანდარტები.

"ამას ჩვენ ვერ ვხსნით, რითი არის განპირობებული და მოტივირებული. თუ მთავრობა დამატებით განუმარტავს საზოგადოებას მისი გადაწყვეტილების მოტივაციას, ძალიან კარგი იქნება", - დასძინა კახა კოჟორიძემ.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძეს ევა გოცირიძე ჩაანაცვლებს. აღნიშნული სია დღეს, მთავრობის სხდომაზე იქნა გადასინჯული.

როგორც სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, ევროპის საბჭოს ექსპერტები ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურას მისაღებად მიიჩნევენ, გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით კი აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იურისტად მუშაობის 11-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, სასურველი იქნებოდა, სხვა პროფესიული გამოცდილებაც ჰქონოდა. რაც შეეხება ქალ კანდიდატ ნანა მჭედლიძეს, ევროპის საბჭოს ექსპერტები მასთან მიმართებაში უარყოფით რეკომენდაციას იძლევიან და ფიქრობენ, რომ მას არ აქვს არც მართლმსაჯულების სისტემაში სათანადო გამოცდილება და არც მაღალი აკადემიური გამოცდილება.

გამომდინარე იქიდან, რომ სამპირიან სიაში უნდა იყოს ორი სქესის წარმომადგენელი და ერთმანეთის რეალური კონკურენტები, მთავრობამ გადაწყვიტა, იმავე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან აერჩია ქალი კანდიდატი და ნანა მჭედლიძის ნაცვლად სიაში შეყვანილი ყოფილიყო ევა გოცირიძე.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ