ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულმა ვლადიმერ რუხაძემ შიმშილობა დაიწყო

ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულმა ვლადიმერ რუხაძემ შიმშილობა დაიწყო

ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულმა ვლადიმერ რუხაძემ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუხაძის ადვოკატმა ნინო მახარაძემ განუცხადა.

"გამოტანილი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ იმდენად არაობიექტურია და იმდენად აღშფოთდა ვლადიმერ რუხაძე ამ ყველაფრით, რომ გადაწყვიტა უვადო შიმშილობა გამოაცხადოს, ვიდრე საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილება არ იქნება", - აღნიშნა მახარაძემ. მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მცდელობის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულებია არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს კი - მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი. აქედან ერთი ბრალდებული ბექა ბექაური ბრალს აღიარებს, სხვები კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ