რაზე ისაუბრეს სასამართლო პროცესზე ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულებმა

რაზე ისაუბრეს სასამართლო პროცესზე ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულებმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე შვიდივე ბრალდებულს, 22 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო| როგორ ცდილობენ ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულები უდანაშაულობის დამტკიცებას - უკომენტარო კადრები სასამართლოდან

ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულები არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს კი - მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი.

სხდომაზე რამდენიმე ბრალდებულმა სიტყვით მიმართა სასამართლოს:

ლევან მამფორია, საქმეზე დაკავებული პატრული: "აქ ითქვა, კოდური სიტყვა იყო დრელი და ბარგალკაო, რომელიც არანაირად არ ყოფილა კოდური სიტყვა. ბექამ (ბექა ბექაური) მითხრა, რომ ადრე ის მუშაობდა ბულაჩაურში მშენებლობაზე და გული ვერ დავუდე მუშაობასო. მე მეგონა დრელი და ბარგალკა ჰქონდა ჩამოსატანი. ეს ბარგალკა და დრელი რომ ყოფილიყო კოდური სიტყვა, ბექას ზარს აქ რომ ვპასუხობდი, ხომ ვეტყოდი ერთი დრელი მეც მინდა-მეთქი? ეს არანაირი კოდური სიტყვა არ ყოფილა, აქ საუბარი იყო სამუშაო იარაღებზე".

ასევე წაიკითხეთ: ვინ არის პატრული, რომელიც ტერაქტის მომზადების საქმეზე დააკავეს და რა ფოტოებს ავრცელებდა ფეისბუქის გვერდზე

მინდია ვაშაყმაძე: "აქ ითქვა რომ გაქცევის მცდელობა მქონდა, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ღამის მარშრუტკას გავყევი, ბათუმში ჩავედი დილას 9 საათზე და გაქცევა რომ მდომოდა, ან დაჭერის შიში მქონოდა, მოვახერხებდი... ვთქვათ, ტელეფონსაც არ დავტოვებდი ჩართულს. როვცა მოვიდნენ ჩემს დასაჭერად თუ წამოსაყვანად, მე მშვიდ მდგომარეობაში დავხვდი და ვითანამშრომლე გამოძიებასთან. მე არ მქონია გაქცევის და დამალვის მცდელობა და არც მექნება, იმიტომ რომ მე ვარ უდანაშაულო და ამას დავამტკიცებ.

ჯაბა მელქაძე: "ჩემი აქტიურობა და მოღვაწეობა, შეეხებოდა მხოლოდ ოკუპირებულ ზონაში ასე ვთქვათ მავთულხლართების გაბმას და ეს იყო იმპერიის წინააღმდეგ. ეს არის ჩემი სათქმელი"

ვლადიმერ რუხაძე: "მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და არავის არ მივცემ ქვეყნის დისკრედიტაციის უფლებას"

ბრალდებულთაგან ერთი - ბექა ბექაური ბრალს აღიარებს, სხვები კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ