პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი მაღაზიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე იკითხება

პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი მაღაზიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე იკითხება

პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრის, თეონა დვალის გამოკითხვაზე დაბარება ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარი ქურდობის ფაქტს უკავშირდება. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარი ქურდობის შესახებ. მაღაზიის მენეჯერის განმარტებით, დაიკარგა გარკვეული თანხის ნივთები.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში გამოძიება ქურდობის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

გამოძიების პროცესში, აღნიშნული მაღაზიიდან წარმოდგენილი იქნა სათვალთვლო ვიდეოკამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს ქალბატონი, რომელიც გამოვიდა გასახდელიდან, გაიარა დერეფანი და სალაროს გვერდის ავლით მაღაზია დატოვა. როგორც მაღაზიის კონსულტანტმა განაცხადა, იგი გასახდელში ქალბატონის შემდეგ შევიდა და ტანსაცმლის ნაცვლად, მოხეული, გასაყიდ ნივთზე მიმაგრებული სასიგნალო მოწყობილობები, ე.წ. ალარმები დახვდა. მაღაზიის წარმომადგენლების თქმით, ქურდობის დრო კადრებში აღბეჭდილი ქალბატონის მოქმედებას ემთხვევა.

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების დროს, სამართალდამცველებმა პირი, რომლის აღწერილობაც კადრებში აღბეჭდილი ქალბატონის მსგავსი იყო, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე შენიშნეს და გადამოწმების მიზნით მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები მოითხოვეს. იგი აღმოჩნდა 1991 წელს დაბადებული თ.დ. სამართალდამცველებმა მას განუმარტეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით ის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით უნდა გამოეკითხათ. თ.დ.-ს წარუდგინეს უწყება, თუმცა, მან უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

შემთხვევიდან, დაახლოებით, 2 საათის შემდეგ თ.დ., თანხმლებ პირებთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა", - განაცხადეს შსს-ში და აღნიშნეს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და აღნიშნული პირის მოწმის სახით გამოკითხვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ