გიორგი პაპუაშვილის მორიგი სკანდალური ბრალდებები ხელისუფლების მისამართით

გიორგი პაპუაშვილის მორიგი სკანდალური ბრალდებები ხელისუფლების მისამართით

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან, - ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში.

AMBEBI.GE გიორგი პაპუაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკანასკნელ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს 20-წლიან ისტორიაში ეს არის სასამართლოზე ზეწოლის უპრეცედენტო შემთხვევა. პოლიტიკური ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, უხეშად ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. ეწევიან საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საგანგებოდ ხდება სწორედ იმ მოსამართლეების დისკრედიტირება, მათი დაშინება, რომლებმაც ხმამაღლა ისაუბრეს სასამართლოზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტებზე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული შეფასებები ემყარება გადაუმოწმებელ ფაქტებს, განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების კანონისა და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცოდნის ნაკლებობით.

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დანიშნული იყო პლენუმის საორგანიზაციო სხდომა, რომელზეც მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, გაცნობოდნენ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. პლენუმის მიერ მსგავსი ხასიათის საორგანიზაციო შეხვედრა რამდენჯერმე ჩატარდა. გაუგებარია, თუ რატომ მიაჩნიათ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო რაიმე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული სხდომის გადადების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პირადად წერილობით აცნობა პლენუმის ყველა წევრს. გარდა ამისა, მოსამართლეებს დაურიგდათ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული მასალები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ