ესპანეთის სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდი შაქრო კალაშოვი 300 ათასი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ ესპანური გაზეთი El Pais იუწყება.გამოცემა აღნიშნავს, რომ კალაშოვი ესპანეთში რუსული მაფიის შვიდიდან ერთ-ერთი მეთაურია, რომელიც 2006 წელს ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის დააკავეს.
გასული წლის ნოემბერში სასამართლო პროცესზე პროკურორმა კალაშოვისთვის 12 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და 32 მილიონი ევროს ჯარიმის დაკისრება მოითხოვა.
ესპანეთის ანტიკორუფციული პროკურატურა ამტკიცებს, რომ კალაშოვის ბანდა მოსკოვის უმსხვილეს კაზინოს აკონტროლებდა, რომელის საშუალებითაც ხდებოდა ფულის გათეთრება. მას ბრალად ედება ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობა და გამოძალვა. თავად კალაშოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
ესპანური გაზეთი წერს, რომ ზაქარია კალაშოვი – მეტსახელად “პატარა შაქრო” წარმოშობით თბილისელი, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის სამართალდამცველი ორგანოები მას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნევენ.
"ინტერპრესნიუსი"




















