გიორგი ფეიქრიშვილი მისი დაკავების დეტალებზე - პოლიცია რომ მოვიდა, დავიმალე კარადის თავზე, მათ მიპოვეს და ჩამომიყვანეს

გიორგი ფეიქრიშვილი მისი დაკავების დეტალებზე - პოლიცია რომ მოვიდა, დავიმალე კარადის თავზე, მათ მიპოვეს და ჩამომიყვანეს

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულმა გიორგი ფეიქრიშვილმა მისი დაკავების დეტალები გაიხსენა. როგორც მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომელზეც სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, სამართალდამცველებმა დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის მეუღლეს, დედას, სიდედრს და ეს ყველაფერი მისი 9 წლის შვილის თვალწინ მოხდა.

ბრალდებულის ინფორმაციით, როდესაც მიხვდა, რომ მისი დაკავების მიზნით სახლში პოლიცია მიდიოდა, ბინაში დაიმალა.

"ჯერ რაღაცა დაარტყეს კარს და შემოვარდნენ. მე დავიმალე სახლში და როცა მე არ დავხვდი, იქვე დაიწყეს ჩხრეკა. ამ ჩხრეკის დროს მიპოვეს კარადის თავზე და ჩამომიყვანეს. ერთ-ერთმა გამომძიებელმა ჩანთით იარაღი შემოდო იმ კარადის თავზე, სადაც ვიმალებოდი. მერე ვითომ არაფერი, ერთ ათ წუთში იპოვეს იარაღი და დამიწყეს ლაპარაკი - ეს რითი დადიხარ, რა არის და ა.შ", - განაცხადა გიორგი ფეიქრიშვილმა.

ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მანამდე უსაფუძვლოდ დააკავეს და ჩაუდეს 1885 წლის ნაგანი. ფეიქრიშვილი ასევე იმ გზავნილებზე საუბრობს, რომელიც მისი მისამართით ისმოდა.

"ითხოვდნენ დამეტოვებინა საქართველო. მეუბნებოდნენ, სისტემას ეჯახები რახან არ მიდიხარო. როგორ წავსულიყავი ასე უფულოდ? არ გამაჩნია არავითარი სახსრები. ვაპირებდი წასვლას. ბიძაჩემი ცხოვრობს გერმანიაში, გერმანიის მოქალაქეა და მასთან ვაპირებდი წასვლას ლეგალურად. ჩაწერილი ვიყავი საელჩოში 9 სექტემბერს, მაგრამ არ მაცადეს. ერთ წელიწადში ორჯერ ჩამიდეს იარაღი. არც დაელოდნენ ერთი წლის გასვლას მაინც. ჩამიდეს ნაგანი, აკაესი და ბოლოს ალბათ ტანკსაც ჩამიდებენ სახლში", - განაცხადა ბრალდებულმა.

მოსამართლის კითხვაზე, თუ რამ აიძულა კარადის თავზე დამალვა, ბრალდებულმა განუმარტა, რომ შიშის გამო დაიმალა.

"მეშინოდა, რომ არ მოვეკალი. პირდაპირ კარზე ბრახუნი იყო. არც გამოხმაურება რომ პოლიციაა ან რაღაც. პირდაპირ შემოამტვრიეს კარი. წინა დაკავებისაც ასე მეგონა რომ მომკლავდნენ", - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება შესაძლოა ვაკეში მომხდარ სოსო ჯოხაძის მკვლელობას უკავშირდებოდეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ