გლდანში ძმების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცებმა 17 წელი მიუსაჯეს

გლდანში ძმების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცებმა 17 წელი მიუსაჯეს

2016 წლის 4 აპრილს, სოფელ გლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, გამამტყუნებელი განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი, განზრახ მკვლელობისა და ორი პირის მიმართ, განზრახ მკველელობის მცდელობისათვის, დამამძიმებელ გარემოებებში, ბრალდებული ესტატე მ.-ს ბრალდების საქმეზე. მასვე, ბრალად ედებოდა ცეცხლსასასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება.

ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ განაჩენი დაადგინა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმე ეხება, 2016 წლის 4 აპრილს, ქ. თბილისში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ესტატე მ.-სა და მის მეგობარს შელაპარაკება მოუხდათ ძმებ თორნიკე და თენგიზ ვ.-ებსა და ლევან ხ.-სთან. ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, პირდაპირი დამიზნებით, თორნიკე ვ.-ს გულმკერდის მიდამოში ერთი ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. მანვე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ლევან ხ.-ს, რომელმაც სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

ნაფიც მსაჯულებს, დღეს გამართულ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით მონაწილეობა არ მიუღიათ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა არსებითი განხილვის რვა სხდომა, დაიკითხა ბრალდების 23 და დაცვის ერთი მოწმე - თავად ბრალდებული", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

მათივე განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ