ზუგდიდში სამი მამაკაცის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდში სამი მამაკაცის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამი ადამიანის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება 2016 წლის თებერვალში, ზუგდიდში მომხდარ მკვლელობას. სამ მამაკაცს, რომლებიც პირუტყვის საყიდლად სამეგრელოში ზესტაფონიდან მიკროავტობუსით ჩავიდნენ, ახლობლები 3 დღე-ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. სამართალდამცველებმა ცხედრები სამი დღის შემდეგ, ზუგდიდის სოფელ აბასთუმანში, ურთის მთასთან იპოვეს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს მთავარი პროკურატურა:

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით, სამი პირის განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და ტარებისთვის ბრალდებული დავით ბეჭვაია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

წაიკითხეთ: სამი ადამიანის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 9 თებერვალს დავით ბეჭვაია მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა პირუტყვით მოვაჭრე პაატა ჩუბინიძეს და თითქოსდა გასაყიდი პირუტყვი ჰყავდა, პაატა ჩუბინიძე მოტყუებით დაიბარა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხეცერაში. მეორე დღეს, 10 თებერვალს, პაატა ჩუბინიძე მერაბ აბესაძესთან და გიორგი ფირჩხაძესთან ერთად, შეთანხმებისამებრ დილის ათი საათისთვის მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით სოფელ ხეცერაში ჩავიდა და დავით ბეჭვაიას შეხვდა. დავით ბეჭვაიამ პაატა ჩუბინიძე, მერაბ აბესაძე და გიორგი ფირჩხაძე ტყის მასივისკენ გაიტყუა და "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, სამივე პირს სხეულის სხვადასხვა არეში ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად პაატა ჩუბინიძე, მერაბ აბესაძე და გიორგი ფირჩხაძე ადგილზე გარდაიცვალნენ. დავით ბეჭვაია დაეუფლა პაატა ჩუბინიძის კუთვნილ 1920 ლარს და 10 აშშ დოლარს, გვამები ბუჩქნარში გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დავით ბეჭვაია 2016 წლის 12 თებერვალს ქ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა და ტარება) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დავით ბეჭვაია სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ