გლდანში "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავებულია

გლდანში "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავებულია

სამართალდამცველებმა გლდანში "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ვ.ი. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალი იარაღის მუქარით დააყაჩაღა, თანხა გაიტაცა და მიმალვა სცადა.

შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფმა, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - უჩა ბუსხრიკიძემ და გიორგი ჭულუხაძემ მომხდარ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შეიარაღებული ბოროტმოქმედის შეჩერებას შეეცადნენ, რა დროსაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით უჩა ბუსხრიკიძე დაჭრა. საპასუხო სროლისას დაიჭრა თავად თავდამსხმელიც. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. თუმცა, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ