გივი თარგამაძე მზადაა, დამატებითი კითხვების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს თავად ეწვიოს

გივი თარგამაძე მზადაა, დამატებითი კითხვების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს თავად ეწვიოს

მე გამომძიებლებთან ერთად მთლიანად აღვიდგინე 4 ოქტომბრის დღე და ეს იყო ძირითადი საუბრის თემა, - ამის შესახებ ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გამოკითხვა გივი თარგამაძის სახლში ჩატარდა. დეპუტატთან შსს-ს ორი გამომძიებელი იყო მისული.

როგორც გივი თარგამაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დამატებითი კითხვების შემთხვევაში ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და თავად ეწვიოს საგამოძიებო ორგანოს. რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, გივი თარგამაძემ აღნიშნა, რომ მკვლელობის მცდელობის გადაკვალიფიცირებას ტერაქტის კვალიფიკაციით ზოგადად ითხოვს, თუმცა ამ შეხვედრაზე გამომძიებლებთან საკითხი არ დაუყენებია.

"ჩვენ აღვიდგინეთ 4 ოქტომბრის დღე მთლიანად. ეს იყო ძირითადად საუბრის თემა. მუხლის გადაკვალიფიცირებას მე ზოგადად ვითხოვ, თუმცა ეს გამომძიებლები არ არიან ამ საკითხში კომპეტენტურნი. ჩვენ შევთანხმდით, რომ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მე მზად ვარ გავაგრძელო თანამშრომლობა და თვითონ ვეწვიო საგამოძიებო ორგანოებს“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

მისივე თქმით, გამომძიებლებთან მას ჰქონდა საუბარი მოკლეტექსტურ შეტყობინებებზეც და აღნიშნა, რომ გამოძიების დაინტერესების შემთხვევაში, ის მზადაა მეხსიერების ბარათზე გადაწეროს და გამოძიებას გაატანოს. რაც შეეხება კითხვას, თუ გააცნო გივი თარგამაძემ გამოძიებას საკუთარი ვერსია, მან აღნიშნა, რომ გამოძიება უწყების საქმეა.

"მე მაქვს პოლიტიკური შეხედულება და ის არაერთხელ მითქვამს, თუ ვისგან მოდის ეს ყველაფერი. მაგრამ ახლა არაფერი დამიკონკრეტებია. ასევე, დღესაც იყო კითხვა, გაზზე ხომ არ მყავდა მანქანა, თუმცა პასუხი დღესაც უარყოფითი იყო”, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

გამომძიებლებმა გივი თარგამაძის სახლი კომენტარის გარეშე დატოვეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ