შსს-ს კომენტარი ვაზისუბანში მომხდარ დაპირისპირებაზე

შსს-ს კომენტარი ვაზისუბანში მომხდარ დაპირისპირებაზე

"ქართული ოცნებიდან" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 125-ე, ცემის მუხით დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციას არავინ დაუკავებია, თუმცა ინციდენტში მონაწილე პირები დადგენილები არიან.

"ნაციონალური მოძრაობის" ორ აქტივისტს ვაზისუბანში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ და ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გიორგი ონიანმა განუცხადა. მისი თქმით, მათი ორი აქტივისტი ვაზისუბანში "ქართული ოცნების" ოფისის გვერდით სუპერმარკეტში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მას "ქართული ოცნების" 30-მდე წარმომადგენელი თავს დაესხა და ისინი ხელკეტებით სცემა.

ონიანის თქმით, მისი შტაბის წევრებს "ქართული ოცნების" კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის დაახლოებით 30 მხარდაჭერი თავს დაესხა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაზარალებული რესპუბლიკურ საავდმყოფოშია გადაყვანილი. "მას აქვს ნაჩხვლეტი ჭრილობები, რომელიც მახათით აქვს მიყენებული. გახეთქილი აქვს წარბი. ჩემი შტაბის წევრები ხსნიან დეტალურად, რომ ამ შტაბის გვერდით სუპერმარკეტში შევიდნენ, გამოსვლისას კი დახვდათ ხელკეტებით შეიარაღებული 30 პირი. ამ სუპერმარკეტს აქვს ვიდეოკამარები, ძალიან ვთხოვ ამოიღოს პოლიციამ ჩანაწერები და ანახო ხალხს თუ რა მოხდა", - განაცხადა ონიანმა. მისივე თქმით, მახათი, რომლითაც მისი შტაბის წევრს დაზიანებები მიაყენეს, ექიმმა დაშავებულის ქურთუკიდან ამოიღო, რომელსაც სავარაუდოდ პოლიციას გადასცემს.

"ქართული ოცნებიდან" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის შტაბის ინფორმაციით კი, მათ შტაბთან "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გოგა ონიანის მხარდამჭერების გამოჩენას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აბუსერიძის შტაბიდან აცნობეს, ონიანის მხარდამჭერები გამოირჩეოდნენ აგრესიით. "სამუშაო რეჟიმში, დაახლოებით 23:30 საათზე, ჩვენი ოფისის მიმდებარედ, კერძოდ, სუპერმარკეტთან გამოჩნდა რამოდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიული ქმედებებით, რაც გამოიხატებოდა "ქართული ოცნებისა" და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძის მიმართ უცენზურო სიტყვებში. რასაც მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლა. აგრესიულად განწყობილი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის შტაბის წევრები", - აცხადებენ აბუსერიძის შტაბში.

დეპუტატობის კანდიდატის შტაბი ფოტოსურათსაც ავრცელებს, რომელზეც, მათი განმარტებით,ის პირები არიან ასახული, ვინც დღევანდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ. აღნიშნული პირები ფოტოზე წითელი ხაზით არიან გამოყოფილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ