სასამართლოდან გაქცეული პატიმარი საკუთარ ქორწილში დააკავეს - "რუსთავული გაქცევის" უცნობი დეტალები

სასამართლოდან გაქცეული პატიმარი საკუთარ ქორწილში დააკავეს - "რუსთავული გაქცევის" უცნობი დეტალები

35 წლის ოთარ ვარამაშვილი, რომელიც რუსთავის სასამართლოდან 1-ელ სექტემბერს გაიქცა, სამართალდამცავებმა ორი თვის შემდეგ, 16 ოქტომბერს... საკუთარ ქორწილში დააკავეს. თავისუფლებაზე ყოფნის ორი თვის მანძილზე ვარამაშვილმა კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენა და ოჯახის შექმნაც მოასწრო.

"იმედის დრომ" მოიპოვა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეომასალა, რომელზეც ვარამაშვილის სასამართლოდან გაქცევაა ასახული. როგორც გაირკვა, მსჯავრდებულმა პურისგან დამზადებული ხელყუმბარით ბადრაგის მოტყუება მოახერხა, მათ ხელიდან დაუსხლტა და ასე გაიქცა სასამართლოს ეზოდან.

იხილეთ ვიდეო: გაქცევის კადრები რუსთავის სასამართლოდან

"მან შეიძლება ითქვას, გენერალური რეპეტიცია გაიარა 1998 წელს, როცა სცადა ციხიდან გაქცევა, თუმცა მაშინ ვერ შეძლო და ახლა ეს განახორციელა" - ამბობს ვარამაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

მსჯავრდებულმა "იმედის დროს" წერილიც მისწერა, რომელშიც გაქცევის გეგმას ამხელს:

"დიდი ხანი ვემზადებოდი, თავისუფლების წყურვილი მამოძრავებდა. ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ციხეში მეტი მაქვს გატარებული, ვიდრე გარეთ. ჩემი მთელი ავლადიდება ჩემი ოჯახია - დედა, მამა და და... პურისგან გავაკეთე ხელყუმბარა, რომ დრო მომეგო და გავქცეულიყავი, შევძელი ამ ხელყუმბარის გამოტანა ციხიდან და შევქმენი ფონი, რომ სუსტად ვიყავი. ბადრაგმა მოადუნა ყურადღება და გავიქეცი... ახლა ისევ სახლში ვარ - ციხეში და ვდარდობ ჩემს მეუღლეზე, რომელიც ჩემზე მეტად განიცდის ჩემს დაჭერას. ღმერთმა მომცა შანსი და ცოლი მოვიყვანე. დიახ, ამ ორ თვეში რაც გავიქეცი სასამართლოდან, ცოლი მოვიყვანე და ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს მალე გავალ ციხიდან და მეც ბედნიერად ვიცხოვრებ სხვებივით" - წერს წერილში ვარამაშვილი.

როგორც აღმოჩნდა, გაქცეულმა პატიმარმა ჯვარიც დაიწერა მონასტერში და სწორედ ჯვრისწერის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავდა დაოჯახებას, რა დროსაც დააკავეს კიდეც.

დაკავებისას მას და მასთან ერთად დაკავებულ წარსულში ნასამართლევ მამაკაცს, ოქროს ძეწკვები, ჯვრები, საყურეები და ბეჭდები უპოვეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ძვირფასეულობა, დაკავებულებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში განხორციელებული ჯგუფური შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცეს.

სასამართლოდან გაქცეული ვარამაშვილი რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს ქურდობის, ყაჩაღობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით (საქართველოს სსკ-ს 177-ე, 179-ე და 19-177-ე მუხლებით) იხდიდა. ახლა კი ბრალს კიდევ ერთი ბრალი დაემატა - საქართველოს სსკ-ს 379-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებებისთვის, რაც დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას /გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ