სახალხო დამცველმა "კრწანისის" ცენტრში მომხდარი შემთხვევის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველმა "კრწანისის" ცენტრში მომხდარი შემთხვევის შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველი "კრწანისის" ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტს საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.

როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი აპირებს საქმესთან დაკავშირებით ყველა მასალა გამოითხოვოს და გაეცნოს, თუმცა აღნიშნა, რომ მას ამ დრომდე მასალები არ გააჩნია. უჩა ნანუაშვილის თქმით, მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კითხვები არ გააჩნია იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, მართლაც იყო გარკვეული პრობლემები "კრწანისის" ცენტრში.

"ჩვენ საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა. ჩვენი წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ ადგილზე, გაესაუბრნენ იმ სავარაუდო მოწმეებს, მათ შორის, იმ პირებს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ინციდენტში. იგულისხმება გუშაგები, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ საქმის შესწავლას, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ჯერ რაიმე გამოიკვეთა, რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე ჯერ არ მიჩნდება კითხვები იქედან გამომდინარე, რომ შესაძლოა, მართლაც იყო გარკვეული საკითხი პრობლემური, ანუ ის ადამიანები რომ იყვნენ გადასული სამხედრო ტერიტორიაზე, ამას ადასტურებენ გუშაგები. თუმცა, იყო თუ არა ყველა პროცედურა დაცული, ამას შევისწავლით. რაც შეეხება საქმეს, საქმესთან დაკავშირებით მასალები არ გაგვაჩნია. შესაბამისად, რამდენად სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება, ამაზე მოგვიანებით გვექნება რეაგირება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცვა მოახერხა.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ