ირაკლი ალადაშვილი "კრწანისის" ინციდენტზე - არ უნდა მოხდეს სკანდალის მცდელობა იქ, სადაც არ არის

ირაკლი ალადაშვილი "კრწანისის" ინციდენტზე - არ უნდა მოხდეს სკანდალის მცდელობა იქ, სადაც არ არის

არ უნდა მოხდეს სკანდალის მცდელობა იქ, სადაც არ არის, - ამის შესახებ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა, სასწავლო ცენტრ "კრწანისში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სასწავლო ცენტრ "კრწანისში" მისული პირები შესვლას ცდილობდნენ არა იმიტომ, რომ რამე გაეფუჭებინათ, არამედ სავარაუდოდ, მეგობრის სანახავად.

"ეს პირები ეტყობა ამ ნაწილში შესვლას ცდილობდნენ, არა რამის გასაფუჭებლად, ასაფეთქებლად ან მოსაპარად, როგორც ამბობენ გარდაცვლილის ძმა ადრე იქ მსახურობდა და შეიძლება მეგობრის სანახავად მივიდნენ, ასევე საუბარია, რომ მესამე პირი ვინც მათ ახლდათ, თვითდათხოვნაში იყო და დაბრუნება უნდოდა. იმ გასავლელით ღობეში მათ ადრეც უსარგებლიათ ეტყობა და იცოდნენ ის გზა", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ალადაშვილის განმარტებით, გუშაგი არის ხელშეუხებელი და მასთან მიახლოების საშუალება მხოლოდ საგუშაგოს უფროსს აქვს, რომელმაც პაროლი უნდა უთხრას.

"მეთაურიც რომ იყოს, თავდაცვის მინისტრიც რომ მივიდეს, გუშაგი არ შეუშვებს თუ შეუშვა, ის დასაჭერია მაშინ. წესდება მოითხოვს, რომ გუშაგმა უნდა გააფრთხილოს სიტყვიერად, შემდეგ თუ არ დაემორჩილებიან, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა უნდა განახორციელოს, ამის შემდეგაც თუ არ დაემორჩილნენ, უკვე აქვს უფლება, რომ დამიზნებით ესროლოს", - განაცხადა ალადაშვილმა.

როგორც ირაკლი ალადაშვილმა აღნიშნა, როდესაც ასეთი სროლა ხდება, მაშინვე არ გადიან დასათვალიერებლად, ამიტომაც იპოვეს გარდაცვლილი დილით.

"ასეთი სროლის შემდეგ სამხედრო მეთაურები რომ მიდიან, არავინ იცის ჯერ რა მოხდა, არის საშიშროება რომ დივერსიული ჯგუფი იყო, იქნებ დანაღმეს ტერიტორია, რომ გავიდეთ ვინმე შესაძლოა აფეთქდეს", - განაცხადა ალადაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცვა მოახერხა.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ