"გამოძიება არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული..." - "კრწანისის" ტერიტორიაზე დაღუპულის ოჯახი ახალ დეტალებზე საუბრობს

"გამოძიება არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული..." - "კრწანისის" ტერიტორიაზე დაღუპულის ოჯახი ახალ დეტალებზე საუბრობს

ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე დაღუპული გიორგი შენგელიას მამის ინფორმაციით, მისი შვილი ცენტრის გარეთ მოკლეს. როგორც რომან შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ელაპარაკა ორ ბიჭს, ვინც მის შვილთან ერთად იყო.

(ფოტოზე: დაღუპული გიგა შენგელია)

"ნასროლია გარეთ, ბავშვი ღობეს გადაახტა და ოც მეტრზეა ნასროლი. რასაც ისინი აცხადებენ ტყუილია. მეორე შვილი სად არის არ ვიცი, ის იქ არ ყოფილა, სხვები იყვნენ. მე თუ გავიგე, მათ ვერ გაიგეს? სამხედრო ბაზა არ არის დაცული და ისინი თურმე მანდ სულ გადადიოდნენ. კამერები მანდ არ მუშაობს. ჩემი ინფორმაციით, განხორციელებულია 2 გასროლა და ერთი საუბედუროდ მოხვდა ბავშვს. ის ორი ბიჭი, ვინც გიგასთან ერთად იყო, გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, მაგრამ გამოძიება თვითონ არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული. ჩემს შვილს იარაღი არ ჰქონია. ჟურნალისტების გარდა ჩემთან არავინ მოსულა. ვაპირებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას", - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

ამასთან, შენგელიას ოჯახის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოკლული კრწანისის სამხედრო ბაზაზე ძმასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ჟურნალისტებს გიორგი შენგელიას ბიძაშვილმა, გიორგი მებონიამ განუცხადა, გაუგებარია რატომ გამოცხადდა ძებნა გარდაცვლილის ძმაზე.

"სამნი იყვნენ შესული მეგობრის სანახავად. გუშაგი ვალდებული არ იყო ესროლა, ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა მიეღო, შემდეგ ჰაერში უნდა განეხორციელებინა სროლა. ჩვენი ინფორმაციით, შიდა პერიმეტრში არ იმყოფებოდნენ, ისინი იყვნენ გარეთ, დანარჩენი ორი არ არიან ზუგდიდელები, ისინი თბილისელები არიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გიგას ძმაც იქ იყო, არის ტყუილი. რატომ გამოცხადდა მასზე ძებნა, ეს ჩვენთვის გაუგებარია", - განაცხადა გიორგი მებონიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ