შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 24 ოქტომბერს, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ პუბლიკაციას ეხმაურება, რომელიც სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებას ეხება. ამ საკითხზე უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, მედიაში ხსენებული ე.წ. "ქათმის ფარშის", კერძოდ, მექანიკურად დაქუცმაცებული ქათმის ხორცის ყველა სასაქონლო პარტია ექვემდებარება ნიმუშის აღებას და კვლევას პათოგენური მიკროორგანიზმის "Salmonella"-ს შემცველობაზე.

ტვირთი თავისუფალ მიმოქცევაში არ გაიშვება მანამ, სანამ ლაბორატორიულად არ დადასტურდება, რომ ის თავისუფალია აღნიშნული მიკროორგანიზმისაგან. ნიმუშში აღნიშნული მიკროორგანიზმის დადასტურებისას, ტვირთი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ექვემდებარება უკან გაბრუნებას ან განადგურებას.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასაქონლო პარტიების შეჩერება და ნიმუშის აღება გათვალისწინებულია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული "ვეტერინარულ კონტროლის მონიტორინგის გეგმით", რომელიც მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით და ვრცელდება ნებისმიერ ქვეყანასა და საწარმოში წარმოებულ ქათმის მექანიკურად დაქუცმაცებულ ხორცზე (100%-იანი ნიმუშის აღება და შეჩერება ლაბორატორიული პასუხის მიღებამდე).

პროცედურა ინტეგრირებულია ელექტრონულ სისტემაში იმგვარად, რომ შეუძლებელია ვეტერინარული კონტროლის აქტის დასრულება ლაბორატორიული დასკვნის მიღებამდე და სისტემაში ლაბორატორიული კვლევის ოქმის ატვირთვამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ჩართული იყოს, როგორც სტატიაშია აღნიშნული, "სხვადასხვა კორუფციული მექანიზმი".

დამატებით აღვნიშნოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში პათოგენური მიკროორგანიზმის, "Salmonella"- ს შემცველობა დადასტურდა 2 სასაქონლო პარტიაში, რომელთაგან ორივე დაექვემდებარა განადგურებას", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ