სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდა

სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდა

სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდა. საუბარია წავკისში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე, რომელიც მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სულხან მოლაშვილის ოჯახს, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების სანაცვლოდ 140 000 ლარად აყიდინეს და სახელმწიფოსთვის გადააცემინეს.

პროკურატურაში სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებსაც ქონების დაბრუნების შესახებ ინფორმაცია პროკურორმა ემზარ გაგნიძემ მიაწოდა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2004 წლის ივლისში სულხან მოლაშვილის ძმას, თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ მაშინდელი პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ მოსთხოვეს თბილისში, სოფელ წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. მოლაშვილის ოჯახის წევრები ამ პირობას დათანხმდნენ და ბანკიდან აიღეს სესხი, რის შემდეგაც 2004 წლის 14 ივლისს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი 140 000 ლარად შეიძინეს და იმავე დღეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მოლაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან, მოთხოვნის შესრულების მიუხედავად, კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელსაც მაშინდელი გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალეს და საპატიმრო დაწესებულებიდან არ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი საფრანგეთში, ამა წლის 29 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ