დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ შვილსა და ოთხ თანამონაწილეს პატიმრობა შეეფარდათ

 დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ შვილსა და ოთხ თანამონაწილეს პატიმრობა შეეფარდათ

76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებიდან ერთ-ერთის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ არის ბრალდებული მკვლელობაში, არამედ არის დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული. შესაბამისად, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის მხრიდან იყო დაუსაბუთებელი შუამდგომლობა და არ არსებობდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის არც მიმალვის საფრთხე და არც მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

მორიგი სასამართლო პროცესი 8 დეკემბერს გაიმართება.

შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

წაიკითხეთ: "შვილი დაეღუპათ, მერე ეს გოგო აიყვანეს... საშინელ სექტაშია გაწევრიანებული" - რას ჰყვებიან სასტიკად მოკლული ქალის მეზობლები

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

წაიკითხეთ: "ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა, გარდაცვლილის სხეულის ნაწილები შეჭამა..." - ახალი ინფორმაცია ქალის მკვლელობის საქმის პროცესიდან

აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი - ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ