სპეცოპერაცია თბილისში - ვინ არის მღვდელი, რომელსაც დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

სპეცოპერაცია თბილისში - ვინ არის მღვდელი, რომელსაც დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

გაზეთი "პრაიმტაიმი" რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი სპეცოპერაციის შესახებ წერს. მათი ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში 26 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს სასულიერო პირი, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრემორფინი" აღმოაჩნდა. სპეცოპერაცია არ გახმაურებულა, "პრაიმტაიმს" ინფორმაცია წყარომ მიაწოდა.

"როგორც ჩანს, არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შესახებ და დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებაც. სასულიერო პირის აყვანა კლინიკა "ლანცეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა", - ამბობს წყარო.

ინფორმაცია გაზეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა, თუმცა უწყებაში სასულიერო პირის დაკავების შესახებ კომენტარი არ გააკეთეს. საპატრიარქოში კი განმარტეს, რომ მსგავსი რამ არც კი სმენიათ.

"პრაიმტაიმმა" სასამართლოდან მოიპოვა საქმის რამდენიმე საინტერესო დეტალი, მათ შორის სპეცოპერაციის დროს აყვანილი სასულიერო პირის ვინაობა. ის მარტყოფის მთავარანგელოზის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი მეგრელიშვილი აღმოჩნდა. სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ მას დაკავებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება "ბუპრემორფინი" აღმოაჩნდა. მისი თანმხლები პირისგან კი "ბუპრემორფინთან" ერთად "ჰეროინიც" ამოიღეს. მეორე დაკავებული 36 წლის ოთარ სანოძეა, რომელიც წარსულში ნასამართლევია.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ სასულიერო პირს სასამართლომ წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა, განსხვავებით მისი თანმხლებისგან. ოთარ სანოძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების ოდენობიდან გამომდინარე, საკმაოდ მკაცრ სასჯელს - 20 წლამდე, ანუ უვადო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს.

როგორც აღმოჩნდა, მეგრელიშვილი აქამდეც შემჩნეულია კანონის უგულებელყოფაში. არსებობს 2013 წლის 6 მაისს გადაღებული ვიდეოჩანაწერი (იხილეთ ვიდეო), რომელზეც ასახულია როგორ ეჩხუბა ზესტაფონში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი თანმხლებ პირებთან ერთად პატრულს. ამის შესახებ მაშინ newpress.ge წერდა.

მაშინ პატრულმა ჩხუბის მონაწილეები დააკავა, თუმცა მამა გიორგი მეგრელიშვილის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი, წაიკითხეთ ვრცლად გაზეთ "პრაიმტაიმში"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ