გიორგი დგებუაძე "ნავთლუღის სპეცოპერაციაზე" - ავტომატიდან გასროლის ხმა გავიგონე, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა

გიორგი დგებუაძე "ნავთლუღის სპეცოპერაციაზე" - ავტომატიდან გასროლის ხმა გავიგონე, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა

გასროლის ხმა რომ გავიგე, შემეშინდა და ძირს დავწექი, თავზე აფარებული მქონდა ხელები და ვერ ვხედავდი რა ხდებოდა, - ამის შესახებ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი დგებუაძემ, მეტსახელად "მასტერამ" სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.

დგებუაძემ 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უშუალოდ სროლებში მას მონაწილეობა არ მიუღია. დგებუაძის თქმით, სამმართველოსა და უშუალოდ მისი მოვალეობა, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ბლოკირება და იმ ახალგაზრდების გადაადგილების კონტროლი იყო, რომლებიც ავტოსადგურის ტერიტორიაზე მის თანამშრომელს უნდა მიეყვანა.

"ჩემი სამმართველო უნდა განლაგებულიყო ნავთლუღის ავტოსადგურის მოპირდაპირე მხარეს. 21:00 საათისთვის ყველა დანაყოფი წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში იყვნენ. 21:00 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე მე დამირეკა დათა ახალაიამ და მითხრა, რომ საჭირო იყო ერთი ადამიანი ვინც ვიზუალურ კონტროლს განახორციელებდა იმ სამი ახალგაზრდის, როდესაც მანქანიდან გადმოვიდოდნენ. რადგანაც დავალება საპასუხისმგებლო და ასევე სარისკო იყო, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ის სამი ადამიანი შეიარაღებული იყო, ჩემი თავი შევთავაზე ახალაიას. გადავკვეთე გზა და დაველოდე ვიდრე მანქანა მოვიდოდა. ჩემი ამოცანა იყო რომ სუმბაძეს ტერიტორია უსაფრთხოდ დაეტოვებინა და შემდეგ გამეკონტროლებინა იმ ადამიანების გადაადგილება, რათა დავრწმუნებულიყავი სამი ადამიანი შევიდოდა თუ არა ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული. ამ ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს დაურეკა ტელეფონმა და საუბრით სამივე შევიდა ავტოსადგურის ტერიტორიაზე. მე თვალს ვადევნებდი მათ. რამდენიმ წუთში კი გავიგონე ავტომატიდან გასროლის ხმა, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა. ინსტიქტურად ხელები თავზე ავიფარე, შემეშინდა და დავწექი. ასე აღვიქვი რომ სამი სხვადასხვა ადგილიდან ისმოდა სროლა, ისნის მხრიდან, ავტოსადგურის მხრიდან და ასევე სიღრმიდან", - განაცხადა ბრალდებულმა.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, სროლა რამდენიმე წუთი გაგრძელდა, მისი შეწყვეტის შემდეგ კი ის ავტოსადგურის ტერიტორიაზე შევიდა და ვითარების გარკვევა სცადა. ბრალდებულის ინფორმაციით, დაინახა რომ შალვა თათუხაშვილი დათა ახალაიას ესაუბრებოდა სპეცოპერაციის დეტალებზე და იმაზე თუ რატომ და როგორ მოხდა ახალგაზრდების გარდაცვალება. როგორც გია დგებუაძემ აღნიშნა, ვიდრე სპეცოპერაცია ჩატარდებოდა, დათა ახალაის მოადგილესთან დავით ჩხატარაშვილთან მოხდა მისი დაგეგმვა, სადაც გადაწყდა, რომ იმ სამი ახალგაზრდის და იმ პირების დაკავება ვისაც ისინი ავტოსადგურში უნდა შეხვედროდნენ, სპეცრაზმს უნდა მოეხდინა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დგებუაძესთან ერთად საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაიაა ბრალდებული. მათ ბრალად განზრახ მკვლელობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს. კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას, გიორგი მაზმიშვილის, ლევან და მეგის ქარდავების მიმართ.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაცია 2006 წლის 12 იანვარს ჩატარდა. გამოძიების მაშინდელი ვერსიით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ციხიდან გაქცევის მცდელობა აღკვეთეს. საქმეზე ახალი გამოძიება 2012 წლის შემდეგ დაიწყო, რის შედეგადად რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე ციხეში პატიმართა წამებისთვის წაუყენეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ