შსს-ს განმარტება უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით

შსს-ს განმარტება უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. შესაბამისად, არ ხდება არანაირი ინფორმაციის მიმოცვლა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია.

"სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ" ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიმართოს შუამდგომლობით იმ ქვეყნის კომპეტენურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის ძებნილი პიროვნება და მოითხოვოს საქმის განხილვა.

შესაბამისად, ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე დასაკავებლად, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დანაშაულის ჩადენა, უნდა გადმოეგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საქართველოს შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. ამდენად, ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, მესაზღვრის ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავის მოვალეობას ასრულებს, ვალდებულებაა, შეამოწმოს საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები, მათი ვადები, კანონიერება და რამდენად უფლებამოსილია პირი, გადაკვეთოს საზღვარი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. შესაბამისად, თუ დოკუმენტაციაში რაიმე სახის დარღვევა არ იკვეთება, ამავე დროს, პირი არ არის ძებნილი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მესაზღვრე ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია, შეუფერხებლად გაატაროს იგი", - განაცხადეს შსს-ში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ შესაბამისი პროცედურების გავლით (რაც გულისხმობს მის შესაბამისობას ინტერპოლის კონსტიტუციასთან, კერძოდ, თუ დანაშაული არ განეკუთვნება სამხედრო, პოლიტიკურ, რელიგიურ, რასობრივს და არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს), 2016 წლის 23 დეკემბერს დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა 1969 წელს 2 აპრილს დაბადებული გია ცერცვაძე.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება 2003 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის (მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, იარაღის უკანონო ტარება).

როგორც შსს-ს განაცხადეს, ინტერპოლის მონაცემთა დამუშავების წესების მე-5 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე წარმოადგენს ვალდებულებას.

"ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და წევრი ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებს შორის ხორციელდება ინტერპოლის სპეციალური, დაცული ქსელის მეშვეობით", - განაცხადეს შსს-ში.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ერთი კვირის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 23 დეკემბერს გამოცხადდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ