პროკურატურა "მოსამართლეების საქმეზე" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა "მოსამართლეების საქმეზე" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას გააცნეს მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების შუალედური შედეგები.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

იხილეთ ვიდეო

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე წლის 14 იანვარს დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის: გამოიკითხნენ განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები ბ. ალავიძე და პ. ქათამაძე, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები, დათვალიერდა ხსენებული მოსამართლეების მობილური ტელეფონები, ჩატარებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ხსენებული მიმართვების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების განმახორციელებელი პირების დადგენის მიზნით.

ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიღებული მიმართვებისა და სატელეფონო შეტყობინებების შესახებ წერილობით აცნობეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. აღნიშნული ინფორმაცია და მასალები, როგორც აღინიშნა, შემდგომი რეაგირებისთვის გადმოგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გამოძიების ფარგლებში საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თავად მოსამართლეთა თანხმობით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოდან შემოსულ მასალას, რომელიც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი, მათ შორის მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

იხილეთ ვიდეო palitranews.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ