დავით საყვარელიძე - ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა

დავით საყვარელიძე - ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა

მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

როგორც დავით საყვარელიძემ აღნიშნა, ეს შეთავაზება ლაშა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ გააკეთა მისი და მისი მეგობრის მისამართით, რაც სამსახურიდან უკვე გაშვებული და განაწყენებული იყო. თუმცა, საყვარელიძის თქმით, იმის გამო, რომ აუდიო ჩანაწერის გამოსყიდვისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნდა, ეს "გარიგება" არ შედგა.

"ნარკომანმა და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც არ ფხიზლდებოდა უშიშროების მინისტრის მოადგილეობის პერიოდში და საკუთარ ოთახში იკეთებდა წამალს, ერთი წელიც კი ვერ გასტანა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში მთავარი პროკურორის მოადგილედ. ასევე, კორუფციაზე და მექრთამეობაზე გააგდეს იქიდან. არ ვაპირებდი ამ ნაძირალაზე საუბარს, მაგის ვენებს და ტვინს აღარაფერი ეშველება და სჯობს ტვინი მაინც გამოირეცხოს.

ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, დაგიდასტურებთ, რომ ნარკომანი და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მას შემდეგ, რაც უკვე გაგდებული იყო სამსახურიდან და განაწყენებული რეჟიმზე და რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა. მე როგორც მახსოვს, მან მოასმენინა ჩანაწერი ჩემს მეგობარს. რამდენადაც ჩვენ მილიონები არ გვქონდა, ვერ ვიყიდეთ.

ნარკომანი ნაცვლიშვილი, ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, ბესელიები და ხაინდრავები მართავენ დღეს პროკურატურას და იმ ინსტიტუტებს, რომელიც ჩვენ რუდუნებით ვაშენეთ", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძემ პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახეზეა ორგანიზებული დანაშაული უსინდისობასთან ერთად. "ეს არის სისხლის სამართლის მასალების ფაბრიკაცია და ამაში, სამწუხაროდ, მონაწილეობს დღეს პროკურატურა, სუსი, შუშის სასახლე ივანიშვილის მეთაურობით და ამით "რუსთავი 2"-ის გადანაცვლება სურთ შუშის სასახლეში", -განაცხადა საყვარელიძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინება დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს ეს-ემ-ეს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ