შსს სასამართლოს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს

შსს სასამართლოს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს

ვინაიდან "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საჯაროდ განცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს, გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა იგი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 159-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

"2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნებულ იქნა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახველდიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი - "ნიკა გვარამია ჰპირდება მოქმედ მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს".

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჩატარდა კომისიური (ფონო) ვიდეოსკოპიური ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, ჩანაწერზე არ აღინიშნება რაიმე სახის მონტაჟის კვალი, ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ხმები, ხოლო მესამე პირი, რომელიც საუბარში მონაწილეობს, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელია. გამოკითხვისას ნიკა გვარამიამ მისი ვინაობა არ დაასახელა.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ დამატებით გამოსაკითხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 14 თებერვალს, 18:00 საათზე იქნა დაბარებული. ვინაიდან ნიკა გვარამიამ საჯაროდ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს, გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა იგი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ