"დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება, ვითომდა მან შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა სცადა"

"დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება, ვითომდა მან შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა სცადა"

ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიმართ წაყენებულ ბრალში ფიგურირებს არა პატრიარქის ან სხვა სასულიერო პირის, არამედ შორენა თეთრუაშვილის სახელი.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს მთავარი პროკურატურა, ხალხი შეიყვანოს შეცდომაში და რატომ ქმნიან აჟიოტაჟს, თითქოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

"ასი პროცენტით დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ დაკავებული მამა გიორგი მამალაძის მიმართ ბრალში არ ფიგურირებს ის ვერსია, რაც გააჟღერა გუშინდელ ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს მთავარი პროკურატურა, ხალხი შეიყვანოს შეცდომაში და რატომ ქმნიან აჟიოტაჟს, თითქოს, პატრიარქის მოწამვლის მცდელობას ჰქონდა ადგილი. გიორგი მამალაძეს, ოფიციალურად, ბრალად ედება, ვითომდა, მან შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა სცადა. ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განჩინება, სადაც პირდაპირ არის დაფიქსირებული შორენა თეთრუაშვილის გვარი. ანუ, სიმართლე არის ის, რომ არათუ მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე, არამედ, დაბალი იერარქიის მღვდელზეც კი არ არის საუბარი. მე ეს ინფორმაცია მაქვს სანდო წყაროდან, ეს გახლავთ ოფიციალური ვერსია და სხვათა შორის, დღეს, როდესაც სახალხო დამცველმა მოინახულა ბრალდებული მამალაძე, მან კომენტარისას გაამყარა ეს ვერსია, რომ საერთოდ არ არის საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე. ეს ინფორმაცია მქონდა ჯერ კიდევ გუშინ. მე არ ვსაუბრობ ჩემს ვარაუდსა და ჩემს პირად ვერსიაზე, ვსაუბრობ იმაზე, რაც არის ოფიციალურად და თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროონ განჩინება და ასევე, ბრალდების დადგენილება",- განაცხადა ადვოკატმა.

მამუკა ნოზაძის განცხადებით, მამალაძეს საერთოდ არ ჰქონია მომწამვლელი ნივთიერება და მისი საქმე ფაბრიკაციის ბევრ ნიშანს შეიცავს.

"შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ გიორგი მამალაძის მიმართ მართლაც აქვს ადგილი პოლიტიკურ დევნას. მიმდინარეობს არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რაც ემსახურება იმას, რომ მოხდეს სხვა თემების გადაფარვა. მართალია, მე მხარეს არ წარმოვადგენ, საქმესაც არ გავცნობივარ, მაგრამ წარმოუდგენელია, დეკანოზს ციანიდი ჰქონოდა. მამალაძეს არანაირი მომწამვლელი ნივთიერება არ ჰქონდა, ეს არის ტყუილი და ვთვლი, რომ ეს ყველაფერი არის ფალსიფიკაცია",- განაცხადა ნოზაძემ.

ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს საქმეში მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ფაქტორსაც.

"ცალკე გავამახვილებ ყურადღებას მამალაძის ადვოკატთან დაკავშირებით. საინტერესოა, რატომ არ არის გარკვეული ის საკითხი, რომ საქმეში როგორ აღმოჩნდა ადვოკატი. ფაქტია, რომ იგი სახაზინო წესით არ იქნა დანიშნული, ამავდროულად, ოჯახი ადასტურებს, რომ მათ აუყვანეს ადვოკატი და ა.შ. მე პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს, მაგრამ საზოგადოებაში რომ არ გაჩნდეს ის ეჭვი, რომ ადვოკატი პროკურატურამ მიუყვანა ბრალდებულს ან სხვა მსგავსი რამ, ამიტომ თავად უნდა განაცხადოს, ან დაასახელოს კონკრეტული პირი, ვინც იგი აიყვანა მამალაძის ადვოკატად. გასარკვევია ბევრი დეტალი, რომ შეიქმნას მკაფიო სურათი, რა მოხდა რეალურად",- განაცხადა ნოზაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ