სროლა ვაკეში - ექიმის კომენტარი დაჭრილის მდომარეობაზე და ვითარება შემთხვევის ადგილზე

სროლა ვაკეში - ექიმის კომენტარი დაჭრილის მდომარეობაზე და ვითარება შემთხვევის ადგილზე

ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩის ნაწილი, სადაც წუხელ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, კვლავ გადაკეტილია. პერიმეტრი სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე კრიმინალისტები ისევ მუშაობენ, რის გამოც კონკრეტულ მონაკვეთზე მოქალაქეებისთვის გადაადგილება პოლიციას შეზღუდული აქვს.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების განცხადებით, წუხელ, გვიან ღამით სროლის ხმა იყო. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, ავტომობილს კი ტყვიის კვალი აქვს.

დაჭრილს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია.

პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გვახარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, 22 წლის პაციენტი კლინიკაში ღამით, 01:30 საათზე, ფილტვისა და თეძოს მიდამოებში ჭრილობებით შეიყვანეს.

"პაციენტი შემოვიდა კომბინირებული დაზიანებებით, ცეცხლსასროლი ჭრილობებით. იყო მარჯვენა ფილტვის მრავლობითი დაზიანება. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ასევე იყო მეორე ცეცხლსასროლი ჭრილობა თეძოს მიდამოებში, რომელიც მიემართებოდა ხერხემლისკენ და გაჩერებულია ხერხემლის სვეტთან. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მისი მდგომარეობა რჩება მძიმე", - აღნიშნა გიორგი გვახარიამ.

ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა გვიან ღამით მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა. არაოფიციალური ცნობით, მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა.

მომხდართან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ