რამე რომ არასწორად წავიდეს ჩემი მეუღლის მშობიარობის დროს, თქვენ დაგადანაშაულებთ, - ასე მიმართა "ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულმა, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა მოსამართლე მაია შოშიაშვილს.
მაია შოშიაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გუკა და მაია რჩეულიშვილებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა ძალაში დატოვა. პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლეს გუკა რჩეულიშვილმა მიმართა.
"ციხეში ყოფნა არანაირი პრობლემა არ არის ჩემთვის, თუმცა რამე რომ არასწორად წავიდეს ჩემი მეუღლის მშობიარობის დროს, თქვენ დაგადანაშაულებთ", - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.
მანამდე ბრალდებულმა რეპლიკის დროს მოსამართლეს სიტყვით მიმართა და სთხოვა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა შეეცვალა გირაოთი, რადგანაც მისი მეუღლე ორსულადაა და სურდა მეუღლის გვერდით ყოფილიყო.
"ჩემი მეუღლე ორსულადაა, მეოთხე მშობიარობაა. არ მეთაკილება და გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გამათავისუფლოთ, რათა მის გვერდით ვიყო", - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა სასამართლო პროცესზე საკუთარი რეპლიკის დროს.