მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე - შეიძლება იგეგმებოდა ერთი პირის მკვლელობა, შეიძლება იგეგმებოდა რამდენიმე პირის

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე - შეიძლება იგეგმებოდა ერთი პირის მკვლელობა, შეიძლება იგეგმებოდა რამდენიმე პირის

შეიძლება იგეგმებოდა ერთი პირის მკვლელობა, შეიძლება იგეგმებოდა რამდენიმე პირის, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვასაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა და დეტალების გაჟღერებისგან, პროკურატურა ამ ეტაპზე თავს იკავებს, საქმეში მონაწილე პირების უსაფრთხოებისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

"ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა და შესაბამისად, ეს გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი. გამოძიებამ დაადგინა, რომ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მართლაც იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა. აქ შეიძლება ყოფილიყო ერთი პირის მკვლელობა ან რამდენიმე პირის. ერთი პირი იდენტიფიცირებულია და მითითებულია შესაბამის დოკუმენტებში, რომლის ვინაობაზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვისაუბრებ", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა იდენტიფიცირებული პირი სასულიერო პირი, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალოს პროკურატურა თავს იკავებს.

"მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ გამოძიების, მათ შორის პროკურატურის მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებებით, თავიდან იქნა აცილებული ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მკვლელობა. საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა ბრალდებულ გიორგი მამალაძისგან თავიდან იქნა აცილებული. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და ამ ეტაპზე ვერსიების დასახელება ხელის შემშლელი იქნება გამოძიებისთვის. გამოძების ეტაპზე შესაძლოა გამოჩნდეს მრავალი მტკიცებულება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამა თუ იმ ვერსიის დასადასტურებლად", - განაცხადა პროკურორის პირველმა მოადგილემ.

რაც შეეხება აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის პირველ განცხადებას, რომელშიც ნახსენები იყო, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა, მამუკა ვასაძის განმარტებით, ამის თაობაზე საუბარი იყო იმ განცხადებაში, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.

"გამოძიების მსვლელობისას კი გამოიკვეთა კონკრეტული პირები და საფრთხეები", - განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ