ადვოკატი - ბრალდებულ გიორგი მამალაძის, მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ადვოკატი - ბრალდებულ გიორგი მამალაძის, მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

სასჯელაღსრულების #9 დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე პროკურატურის წარმომადგენლებმა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა დატოვეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მიუხედავად ბრალდებულისა და დაცვის მხარის კატეგორიული მოთხოვნის, რომ დღესვე მომხდარიყო დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, პროკურატურამ ეს არ გააკეთა, რის გამოც ისინი პროკურატურას საქმის სპეციალურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

მიხეილ რამიშვილი ასევე მოუწოდებს სახალხო დამცველს, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოინახულოს ბრალდებული დეკანოზი. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძის, ისე მისი ოჯახის წევრებისა და თავად ადვოკატების უსაფრთხოების საკითხი. შესაბამისად, ადვოკატები მოუწოდებენ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, მოხდეს მათი მაქსიმალურად დაცვა.

"მამა გიორგი არღვევდა დუმილის უფლებას და მას სურვილი ჰქონდა ჩვენება მიეცა გამოძიებისთვის. ჩვენ დილიდან ვიმყოფებით დაწესებულებაში. მიმდინარეობდა მხოლოდ ნიმუშების აღების ყველანაირი ფორმით დროში გაწელვა. მამა გიორგი აცხადებდა, რომ მზად იყო დილამდე დაუყოვნებლივ მიეცა სრულყოფილი ჩვენება. როგორც კი ნიმუშების აღება დასრულდა და მოვემზადეთ ჩვენების მისაცემად, პროკურატურის წარმომადგენლებმა დააპირეს წასვლა. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ დაკითხვა და მათ გადაწყვიტეს ვაჭრობა. ჩვენ ვითხოვთ სახალხო დამცველისგან, ვინაიდან ხვალ და ზეგ არის დასვენების დღეები და ჩვენ ვერ მოვახერხებთ გიორგი მამალაძესთან შესვლას, ის აუცილებლად ინახულონ. გამოძიება, რომელიც იგნორს აკეთებს, დაიკითხება თუ არა მამა გიორგი, მივიჩნევთ, რომ საფრთხის წინაშე დგას მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი, ადვოკატების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ პრემიერ-მინსიტრს, პრეზიდენტს და შესაბამის უწყებებს, ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტებს", -განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან პროკურატურის წარმომადგენლები და მისი დამცველები დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, დღეს მოხდა დნმ-ის ნიმუშების აღება, რომელიც პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს თან დაერთვება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ