"გერმანიაში გამგზავრებამდე მამა გიორგი მამალაძემ 30 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო... გეგმავდა სხვა პირის მკვლელობასაც" - პროკურატურა

"გერმანიაში გამგზავრებამდე მამა გიორგი მამალაძემ 30 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო... გეგმავდა სხვა პირის მკვლელობასაც" - პროკურატურა

დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვს სესხი 30 000 ლარი, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, როგორ გამოეპარა გამოძიებას, ვისგან და რა გარემოებაში შეიძინა დეკანოზმა ციანიდი, პროკურორის განცხადებით, ბრალდებული მოქმედებდა ძალიან ფრთხილად, ყოველდღიურად მისი ვიზუალური კონტროლი დიდ რისკთან იყოს დაკავშირებული და არსებობდა საფრთხე, რომ მას შეემჩნია ფარული მოქმედებები, რაც არსებითად დააზიანებდა გამოძიებას.

"ჩვენ ისედაც ფარულად ვაყურადებდით და ვიწერდით მობილური ტელეფონით მის საუბარს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვიზუალური კონტროლი ხდება დისტანციიდან, რათა ეჭვი არ აიღოს ობიექტმა, სწორედ ამიტომ აღარ გავწიეთ რისკი და არ ჩატარებულა ვიზუალური კონტროლი. ნებისმიერი ასეთი ღონისძიების შედეგები აისახება ოქმებში, ასეთი დოკუმენტი კი საქმეში არ არსებობს და გაუგებარია, რაზე დაყრდნობით აცხადებენ ადვოკატები, რომ მიმდინარეობდა ბრალდებულის თვალთვალი. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი არ იცნობენ საქმის მასალებს. ჩვენ განვახორციელეთ მხოლოდ ბრალდებულისა და ირაკლი მამალაძეს შორის შეხვედრების აუდიო-ვიდეოჩაწერა. ბრალდებული თანხის მოძიების შემდეგ გეგმავდა ირაკლი მამალაძისგან ციანიდის შეძენას, თუმცა აღარ შეხვდა მას. ჩვენ დავადგინეთ, რომ გიორგი მამალაძეს საწამლავი უნდოდა ადამიანის მოსაწამლად და სასწრაფოდ სჭირდებოდა გერმანიაში გამგზავრებამდე", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიების დადგენილია, რომ გიორგი მამალაძე ციანიდის მოძიებასა და შეძენას გეგმავდა გერმანიაში გამგზავრებამდე.

"ბრალდებული ჩანაწერებშიც ცალსახად აცხადებს, რომ ციანიდი უნდა გერმანიაში წასვლამდე. დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვეს სესხი 30 000 ლარი. ამის შემდეგ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს. ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა 4 500 ევრო და 500 აშშ დოლარი, რაც ეკვივალენტია 14 000 ლარის, ხოლო სხვაობა გამგზავრებამდე გახარჯა. ვის გადაუხადა თანხა და ვისგან შეიძინა ციანიდი, ამაზე გამოძიება მუშაობს", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებლი ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში ცდილობდა კონკრეტული პირისგან შეეძინა ციანიდი.

"ჩვენ დავკითხეთ ის პირი და დაგვიდასტურა, რომ გიორგი მამალაძე მას სთხოვდა ციანიდის მოძიებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ამ ფაქტის შესახებ ვიცოდით. ჩვენებაში იცრუა, თქვა, რომ მხოლოდ 2016 წლის ნოემბერში, შორენა თეთრუაშვილის დავალების შემდეგ დაიწყო ამ ნივთიერების მოძიება", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, დადასტურებულია, რომ ის ძლიერმოქმედი შხამით მიემგზავრებოდა გერმანიაში თეთრუაშვილის მოსაკლავად.

"ეს მისი სიტყვებია. თეთრუაშვილს გიორგი მამალაძე აღიქვამდა დამაბრკოლებლად, რასაც დაუფარავად აცხადებს კიდეც. ბრალდებულს იმდენად სძულდა დაზარალებული, რომ ციხეში დაკითხვისას თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა, რაც ადვოკატებმა სასწრაფოდ ამოშალეს ოქმიდან, თუმცა ეს ვიდეოკამერამ დააფიქსირა. საქმეზე არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომელთა საფუძველზე ვვარაუდობთ, რომ მამალაძე გეგმავდა სხვა პირის მკვლელობასაც", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ