შსს-ს განცხადება ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

შსს-ს განცხადება ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო პოლიციის 9 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან დათხოვნილი იქნა 9 თანამშრომელი.

აღნიშნული ინფორმაცია სრული სიცრუეა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არც ერთ სამმართველოში ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და არ ფიქსირდება არც ერთი ფაქტი, რომელსაც აღნიშნულ პირთან რაიმე სახით შემხებლობა ექნებოდა.

ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან დათხოვნილი იქნა 9 თანამშრომელი.

აქვე განვმარტავთ, რომ პოლიციის დეპარტამენტებსა და სამმართველოებში, ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, საკადრო გადაადგილებები პერიოდულად ხორციელდება.

ამასთან, შევნიშნავთ, რომ არც ერთ პირს, ვინც თითქოსდა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით კომენტარს აკეთებს, არანაირი შეხება არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ შსს-ს დისკრედიტაციას და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება" - ნათქვამია განცხადებაში.

ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე ინფორმაცია საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მისი მტკიცებით, შარდენზე კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციელების მიერ დაკავებული დაცვის წევრის გათავისუფლება ბერა ივანიშვილმა მოითხოვა, რასაც პოლიციელები არ დაემორჩილნენ. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი ინცინდენტის გამო პოლიციის ცხრა თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა.

წაიკითხეთ: ბერა ივანიშვილი ნუგზარ წიკლაურის ბრალდებას პასუხობს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ