"ჩანაწერში ისმის, რომ მას აქვს მისწრაფება ცხედრის განადგურების" - ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დაკავებულ ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

"ჩანაწერში ისმის, რომ მას აქვს მისწრაფება ცხედრის განადგურების" - ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დაკავებულ ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ კანიბალიზმის საქმეზე დაკავებულ 1992 წელს დაბადებულ ლუკა ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შუამდგომლობების დაყენების დროს ჩიხლაძის ადვოკატმა დავით აბესაძემ გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ ლუკა ჩიხლაძეს ჰკითხა, მუშაობს თუ არა და თუ შეუძლია გირაოს გადადახდა.

როგორც ლუკა ჩიხლაძემ განაცხადა, ის დასაქმებული არ არის, არც უძრავი ქონება გააჩნია, თუმცა მშობლებს სახლი აქვთ და გირაოს უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა.

პროკურატურამ დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდება რამდენიმე მიზეზით მოითხოვა. პროკურორმა ინა გუგუშვილმა მოსამართლეს განუცხადა, რომ არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. "ნასამართლევია, პირობითი მსჯავრი აქვს და არსებობს მიმალვის საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ მას წინა მსჯავრის მოხდაც ემუქრება. მტკიცებულებების განადგურებას რაც შეეხება, ჩანაწერში ნათლად ისმის, რომ მას აქვს მისწრაფება ცხედრის განადგურების, ამიტომ მისი თავისუფლებაზე დატოვება საფრთხეს შეუქმნის მტკიცებულებებს", - განაცხადა პროკურორმა.

ინა გუგუშვილი ასევე იმასაც განმარტავდა, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის შეუტყობინებლობას, რის გამოც ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა უნდა შეფარდებოდა. თავად ჩიხლაძემ საკუთარი თავის წარდგენისას, მოსამართლის შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ის ნასამართლევია მარიხუანას მოხმარებისთვის, 6-თვიანი სასჯელი მოიხადა და 5-წლიანი პირობითი აქვს მისჯილი.

მოსამართლე ელენე გოგუაძე მხარეების შუამდგომლობების მოსმენის შემდეგ სათათბირო ოთახში გავიდა. შესვენების შემდეგ კი მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ლუკა ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სასამართლო სხდომა 1-ელ მაისს 12:00 საათზე ჩანიშნა.

ლუკა ჩიხლაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ჩანაწერების მიხედვით, ლუკა ჩიხლაძე, მისი მეგობარი და მკვლელობაში ბრალდებული ბექა შენგელია 75 წლის ლუბა ყოჩიაშვილის სასტიკი მეთოდით მკვლელობას მოკლულის შვილის, ასევე ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის თანდასწრებით უყვება. ლუკა ჩიხლაძე კი დანაშაულის შესახებ მოსმენილი ინფორმაციის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას ეუბნება, რომ მოხუცი ქალისთვის "კისლატა უნდა დაესხათ". ამ ფრაზის ავტორს გამოძიება მკვლელობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა. ლუკა ჩიხლაძე 21 მარტს ღამით დააკავეს. მის გარდა, აღნიშნულ დანაშაულზე 3 პირია დაკავებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ