"როგორ დაგვესრულებინა ობიექტები, თუ ყადაღა არ იქნებოდა მოხსნილი?!" - ნინო დარასელი პროკურატურის შეთავაზებაზე

"როგორ დაგვესრულებინა ობიექტები, თუ ყადაღა არ იქნებოდა მოხსნილი?!" - ნინო დარასელი პროკურატურის შეთავაზებაზე

რუსუდან კერვალიშვილის ოჯახი თანახმაა, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კერვალიშვილის შვინმა ჟურნალისტმა ნინო დარასელმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპროცესო შეთანხმება ერთადერთი სწორი გამოსავალია ამ საქმიდან, თუმცა ამასთან დარასელი მიიჩნევს, რომ პროკურატურის შეთავაზება ცოტა დაგვიანებულიცაა.

"რა თქმა უნდა, თანახმა ვართ საპროცესო შეთანხმებაზე. მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომელიც დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დამდგარიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შესაბამისად, ყველა გონიერ შეთავაზებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე თანახმა ვართ. პირობების შეთანხმება მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა მოხდეს და უნდა იყოს ისეთი, რომ ყველა იყოს კმაყოფილი, როგორც დაზარალებულები ისე ჩვენ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება თავისუფლებაზე ყოფნა", - განაცხადა ნინო დარასელმა.

ხილეთ ვიდეო

რუსუდან კერვალიშვილის შვილის განმარტებით, აქამდე პროკურატურის მხრიდან საპროცესო შეთანხმების ისეთი პირობები იქნა შეთავაზებული, რომელიც პრაქტიკულად შეუსრულებელი იყო.

"შემოთავაზება იყო ასეთი პირობა: თქვენ დაასრულეთ ობიექტები და ჩვენ მერე მოვხსნით ყადაღასო. როგორ უნდა დაგვესრულებინა ან რის ხარჯზე, თუკი ყადაღა არ იქნებოდა მოხსნილი?!", - განაცხადა დარასელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.

იმავე დღეს პროკურატურამ ყველა დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურების პირობით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ