"სასაფლაოზე ამიყვანეს. დამაგდეს საფლავზე და ხუთმა კაცმა მცემა..." - ირაკლი გედენიძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმის უცნობ დეტალებზე

"სასაფლაოზე ამიყვანეს. დამაგდეს საფლავზე და ხუთმა კაცმა მცემა..." - ირაკლი გედენიძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმის უცნობ დეტალებზე

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დღეს ერთ-ერთი დაზარალებული ირაკლი გედენიძე დაიკითხა. ფოტოგრაფმა დაკითხვისას საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

როგორც გედენიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, სასამართლოს წინაშე გაიხსენა ჯიქიას სასაფლაოზე მისი წაყვანის ფაქტი, სადაც სცემეს და შუბლზე მოკვლის მუქარით იარაღი დაადეს.

"სახლიდან როგორც კი გამიყვანეს, ჯიქიას სასაფლაოზე ამიყვანეს. დამაგდეს ახლადგადასწორებულ საფლავზე, რომელიც იყო მიწით და ღორღით მოფენილი. ყველას ეკეთა ნიღბები და დაახლოებით ხუთმა-ექვსმა კაცმა მცემა გვერდებში, მუხლებსა და ნეკნებში. მაგინებდნენ და მთხოვდნენ აღიარებას, თუ ვისთან მქონდა კავშირი და ვის ვაძლევდი სახელმწიფო დოკუმენტებს. ბოლოს, ერთ-ერთმა ნიღბიანმა გადატენა იარაღი, დამადო შუბლზე და მითხრა, რომ თუ არ ვაღიარებდი, გამიხვრეტდა თავს.

შემდეგ წამიყვანეს "მოდულის შენობაში", ამიყვანეს ბოლო სართულზე. დამხვდა იქ დავით დევნოზაშვილი და "ოქროსჯაჭვიანი" უცნობი პიროვნება. სახელი და გვარი არ ვიცი, თუმცა ამოცნობა შემიძლია. იქვე იმყოფებოდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც მცემდა ყველა უარყოფით პასუხზე. შემიძლია მისი ამოცნობაც. მოითხოვდნენ "პაროლებს" სოციალური ქსელების და ელექტრონული ფოსტის, ასევე კომპიუტერის "პაროლს" და აღიარებას, ვისთან მქონდა ურთიერთობა. ცემა დევნოზაშვილის მხრიდან არ იყო. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. შეხვედრებზე ყოველთვის იყო მისი მხრიდან ბავშვების მიმართ მუქარა, ასევე მემუქრებოდა, რომ გავრცელდებოდა ჩემი მეუღლის პიკანტური ფოტო, რომელიც იყო ჩემი გადაღებული და ინახებოდა ჩემს პირად კომპიუტერში", - განაცხადა გედენიძემ.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე გუშინ ირაკლი გედენიძის მეუღლე, ამავე საქმის კიდევ ერთი დაზარალებული, ნათია გედენიძე დაიკითხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ ფოტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული სასჯელაღსრულების გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ