პროკურორი - საქმეში არსებობს გიორგი მამალაძეზე ისეთი პერსონალური მონაცემები, რომელიც ეხება მის მორალურ მხარეს, მისი ცხოვრების წესს

პროკურორი - საქმეში არსებობს გიორგი მამალაძეზე ისეთი პერსონალური მონაცემები, რომელიც ეხება მის მორალურ მხარეს, მისი ცხოვრების წესს

სასამართლო სხდომა იმიტომ დავხურეთ, რომ არ გვინდა ვთქვათ, რომელ ჩვენს მოწმეზე განხორციელდა მუქარა, რა შინაარსის იყო ის და ვისი მხრიდან მოდიოდოდა, გვინდა პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება დავიცვათ, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურვის გადაწყვეტილების განმარტებისას განაცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დაცვის მხარისგან შუამდგომლობა არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და პროკურორებს არ უსაუბრიათ არც საპატრიარქოს იმიჯზე და არც მის რეპუტაციაზე. წიკლაურმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარი მოტივი და არგუმენტი იყო პროცესის მონაწილე პირთა უსაფრთხოება და გამოძიების ინტერესები, ვინაიდან საქმეზე ძიება სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით კვლავ გრძელდება.

"სხდომის დახურვაზე შუამდგომლობა დავაყენეთ იმ არგუმენტით, რომ დაცული იყოს მართლმასჯულების ინტერესი, ასევე საფრთხე არ შეექმნას პროცესის მონაწილეებს, რამეთუ ჩვენ დაცვის სპეციალური ღონისძიებები გვაქვს გამოყენებული. რა თქმა უნდა, ასევე სახეზეა გამოძიების ინტერესები, რადგან გრძელდება სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებების ღია სხდომაზე გასაჯაროებამ, შეიძლება მესამე პირთა მხრიდან მცდარი, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვიოს, რაც საზოგადოებაში მღელვარებას და შფოთს შეიტანს. აქედან გამომდინარე, შეიძლება საზოგადოებრივ წესრიგს შეექმნას საფრთხე, მით უფრო საქმეში არსებობს გიორგი მამალაძეზე ისეთი პერსონალური მონაცემები, რომელიც ეხება მის მორალურ მხარეს, მისი ცხოვრების წესს. დაუშვებელია ღია სხდომებზე ამ დეტალების განხილვა. სამწუხაროა, რომ ადვოკატების მხრიდან მოხდა ფაქტების დამახინჯება, შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება თითქოს პროკურატურამ საპატრიარქოს იმიჯი და რეპუტაცია გამოიყენა არგუმენტად. ეს არის აბსურდი", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტს, როგორც ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, ესეც ერთ-ერთი მოტივი იყო იმისა, თუ რატომ უნდა მომხდარიყო სასამართლო პროცესის დახურვა.

"არ გვინდა საჯაროდ ვთქვათ, რომელ ჩვენს მოწმეზე განხორციელდა მუქარა, რა შინაარსის იყო ის, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ დავიცვათ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება. ამ მუქარას საფუძვლად ედო რელიგიური მოტივები", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ