ადვოკატი - მამა გიორგი მამალაძე 50 მილიონი ევროს გამოყენებას საპატრიარქოს კლინიკისა და ჩაქვის საეკლესიო სკოლის რეაბილიტაციაზე გეგმავდა

ადვოკატი - მამა გიორგი მამალაძე 50 მილიონი ევროს გამოყენებას საპატრიარქოს კლინიკისა და ჩაქვის საეკლესიო სკოლის რეაბილიტაციაზე გეგმავდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, 50 მილიონი ევრო, რომელზეც საპატრიარქოს იურისტი საუბრობს, საპატრიარქოს კლინიკისა და ჩაქვში მდებარე საეკლესიო სკოლის რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფანცულაიამ განუცხადა, დეკანოზს, როდესაც ის კლინიკის დირექტორად დაინიშნა, საავადმყოფო ცუდ მდგომარეობაში დახვდა და მისი სურვილი იყო, რომ მომხდარიყო კლინიკის სრული რეაბილიტაცია.

მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გრანტების მოძიებაზე მუშაობა დაიწყო.

"კლინიკა სრულად გაპარტახებული იყო და რამდენიმე მილიონი ვალი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, უნდა ჩატარებულიყო სერიოზული რეფორმები. შესაბამისად, დანიშვნის მომენტიდან საკუთარი ხელფასი შეიმცირა ოთხჯერ და ვინაიდან საპატრიარქოს არ ჰქონდა საშუალება კლინიკაში ვითარების გამოსასწორებლად, დაიწყეს მუშაობა გრანტების მოზიდვაზე. დაიწერა პროექტი, როგორ მოეზიდათ გრანტები. დონორების საშუალებით მოიძიეს საწოლები, თუმცა ეს იყო ზღვაში წვეთი, ვინაიდან მიზანი იყო კლინიკის სრული რეაბილიტაცია და ამიტომ საჭირო იყო სერიოზული გრანტების მოძიება. ამავე დროს მამაოს ჩაქვში სურდა ნორმალური სკოლა ყოფილიყო. ამ გრანტების მოძიებისთვის დაარსდა ესპანეთში ფირმა, რომელიც ფონდებიდან გრანტების მოძიების ფუნქციას ასრულებდა. დაწერილი იყო პროექტი, სადაც პირდაპირ იყო ჩაწერილი, თუ რაში დაიხარჯებოდა თანხები, კერძოდ, უნდა მომხდარიყო კლინიკის რეაბილიტაცია და ჩაქვში უნდა აშენებულიყო სკოლა", - განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტაცია დეკანოზის კომპიუტერში ინახებოდა და ის მთავარ პროკურატურასაც აქვს შესწავლილი. გარდა ამისა, როგორც ფანცულაიამ განმარტა, ესპანეთში შექმნილ ფირმასა და გრანტების მოძიებაზე დეკანოზმა საკუთარ ჩვენებაშიც ისაუბრა და ასევე ამ თემას კიდევ ორი დაკითხული პირიც ეხება, რომელთა ვინაობაც ადვოკატს არ დაუსახელებია.

"ეს პროექტი ინახებოდა მამაოს კომპიუტერში და ასევე არის ფოსტით მიმოწერაც. ეს ყველაფერი ამოიღო მთავარმა პროკურატურამ და ინახება იქ. მთავარმა პროკურატურამ ეს თემა შეისწავლა, და რადგან ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა, გადაუგზავნა საპატრიარქოში სავარაუდოდ შორენას და უნდოდათ ამით მამაოს დისკრედიტაციისთვის თემა აეგორებინათ. არ არსებობდა ასლი ან სხვა დედანი, გარდა იმისა, რაც მამაოს კომპიუტერში ინახებოდა", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, გამორიცხული არაა, გრანტების ჯამურ მოცულობას 50 მილიონი ევრო შეედგინა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ