კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი, ფარმან ჯეირანლი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი, ფარმან ჯეირანლი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი, ფარმან ჯეირანლი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ ოთარაშვილმა განუცხადა, ჯეირანლის ჩვენება ჯერჯერობით არ მიუცია, თუმცა აპირებს, რომ სასამართლოს მისცეს შესაბამისი განმარტებები.

ადვოკატის თქმით, "ლანცეტის" დირექტორის მხრიდან თანხის მითვისების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

"თანხა მას ხელში არ აუღია. ფული შესულია ოფიციალურად ბუღალტერიის მეშვეობით, შემოსავლებში. შემომტანზე გაცემულია შესაბამისი ქვითარი, გადახდილია მოგების გადასახადი და კანონი როგორც მოითხოვს თანხა ისეა ათვისებული კლინიკის მიერ. აქ არავითარ მითვისებას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა მიხეილ ოთარაშვილმა.

რაც შეეხება ოპერაციის ჩამტარებელი მოწვეული ექიმის ლიცენზიას, ადვოკატი ადასტურებს, რომ მოწვეული ექიმის ლიცენზიას ვადა მართლაც გასული ჰქონდა, თუმცა როგორც მიხეილ ოთარაშვილი აღნიშნავს, კლინიკის ხელმძღვანელობას ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდა მიმოწერა, რომ გაეცათ დროებითი მიმართვა.

"ამ ექიმს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჰქონდა წარმატებით ჩატარებული. როდესაც საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის თებერვალში, ერთი თვის გასული ჰქონდა ვადა ლიცენზიას. კლინიკამ დაიწყო მიმოწერა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ გაეცათ დროებითი ლიცენზია. ამ დროს საავადმყოფოში შემოდის ორი მძიმე ავადმყოფი, რომლებიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებენ. სამინისტრომ მოწვეულ ექიმზე ლიცენზია ივლისში გასცა, მაგრამ ამ პერიოდში ოპერაცია უკვე ჩატარებული იყო და შედეგი დამდგარი", - განაცხადა ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა.

მისივე თქმით, ლიცენზიის გარეშე ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილება "ლანცეტის" დირექტორს არ მიუღია."ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას დირექტორი ვერ მიიღებდა. ეს უნდა გადაეწყვიტა მთავარ ექიმს და მკურნალ ექიმს", - განაცხადა მიხეილ ოთარაშვილმა.

მთავარი პროკურატურა შპს "ლანცეტი"-ს დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება. როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს პროკურატურამ სამედიცინო დაწესებულება შპს "ლანცეტის" დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ