დეპუტატ გელა მიქაძის ადვოკატი - საქართველოს მოქალაქეზე გამოტანილია განაჩენი ისე, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია

დეპუტატ გელა მიქაძის ადვოკატი - საქართველოს მოქალაქეზე გამოტანილია განაჩენი ისე, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია

საქართველოს პარლამენტის წევრ გელა მიქაძისთვის არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს დეპუტატის ადვოკატი, ქეთი ქვარცხავა ეხმაურება.

როგორც ქვარცხავამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმე პარადოქსულია, რადგან საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მხარე ინფორმირებული არ იყო. მისივე თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოდან მათ მიიღეს სამოქალაქო ჭრილში დავა, ხოლო დღეს ცნობილი გახდა, რომ განაჩენი სისხლის სამართლის ჭრილშია გამოტანილი, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ადვოკატის განცხადებით, გაერთიანებული საემიროების სასამართლოს თავმჯდომარე ამავდროულად არის შეიხი, რომელიც წარმოადგენს მთავარ მოსარჩელეს. შესაბამისად, დეპუტატის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით ეჭვი ეპარება.

"აღნიშნული საქმის შესახებ ტელევიზიის მეშვეობით შევიტყვეთ. არ ვიცოდით, რომ საქმე წარმოებაში იყო. ეს არის პარადოქსული, ვინაიდან გაერთიანებული საემიროების სასამართლოს თავმჯდომარე ამავდროულად არის ემირი, შეიხი, რომელიც წარმოადგენს საქმეში მთავარ მოსარჩელეს. იკვეთება კიდევ ერთი უცნაურობა. წინა კვირას მივიღეთ რიგი დოკუმენტები სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის გაცნობაც ვერ მოვასწარით. დღეს კი ფაქტის წინაშე დავდექით, როდესაც გავიგეთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგა განაჩენი. ამ პარადოქსულ საქმეში აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეზე გამოტანილია განაჩენი ისე, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. მიგვაჩნია, რომ ეს საქმე სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს, საქართველოში მხარეებს შორის არსებობდა დავები, მაგრამ ის საქმე, რაც დღეს გავრცელდა, სამოქალაქო ჭრილშიც კი არ არის საქართველოში დაფიქსირებული. დარწმუნებული ვარ, რაიმე სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ისინი სარჩელს საქართველოში შემოიტანდნენ, თუმცა, რას ალ ხაიმაში უფრო ადვილი იყო მათთვის ამ საქმის წარმოება", - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

კითხვაზე, მოხდა თუ არა გელა მიქაძისთვის 17 მილიონი აშშ დოლარის გადმორიცხვა, რომლის მითვისების საქმეშიც არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ქართველი დეპუტატი დამნაშავედ ცნო, ადვოკატი აცხადებს, რომ მას ფინანსური გარიგების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ვინაიდან საქმის მასალებს არ გაცნობია.

"მე ვერ გეტყვით 17 მილიონთან დაკავშირებით მოხდა თუ არა გადმორიცხვა, რადგან არ ვიცნობ საქმის მასალებს, შესაბამისად, არ ვფლობ დეტალურ ინფორმაციას, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული სასამართლოს თავმჯდომარე წარმოადგენს მხარეს, ამავდროულად მოხდა საერთაშორისო პრინციპების დარღვევა და, შესაბამისად, სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით, არსებობს დიდი კითხვის ნიშნები", - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს. ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ფულადი სახსრების მითვისებისთვის. აღნიშნულის შესახებ Gulf Business იუწყება.

პატიმრობის განაჩენთან ერთად, მასაადმა, ასევე გელა მიქაძემ და გიორგი ჯანაშიამ, რომლებიც RAKIA Georgia-ში მუშაობდნენ, ჯარიმის სახით 17,2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ. სასამართლოს განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ უნდა აანაზღაუროს 12,8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო გიორგი ჯანაშიამ - 4,4 მილიონი აშშ დოლარი. ეს ის თანხაა, რომლის მთვისებაში მათ ბრალი ედებოდათ.

საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა და ახლად შექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას (2010-2011 წლები).

პროკურატურის განცხადებით, Raystar-ის ბენეფიციარები იყვნენ გელა მიქაძე და გიორგი ჯანაშია. ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ ხატერ მასაადმა იცოდა.

ვერდიქტში მოსამართლემ სამეჰ ჰამედ შაქერმა განაცხადა, რომ სამივე მსჯავრდებულმა განზრახ მიაყენა ზიანი Ras Al Khaimah Investment Authority-ის ფულად სახსრებსა და ინტერესებს.

"ინტერპრესნიუსი" „პატრიოტთა ალიანსის" წევრ ადა მარშანიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არაფერი იცის.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ