"ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას" - დემირელის კოლეჯის მმართველს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

"ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას" - დემირელის კოლეჯის მმართველს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს.

სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციით, წინასაექსტრიდაციო პატიმრობის გარდა სხვა აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება საკმარისი ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების აღსაკვეთად. დაცვის მხარე ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

ჩაბუქი ითხოვს, არ გადასცენ თურქეთს, რადგან "იქ სამართლიანობა არ არსებობს". ბრალდებულმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას ცრემლები ვერ შეიკავა.

"15 წელია საქართველოში ვარ. მაქვს საქართველოში ბინადრობის უვადო უფლება, რომელიც სახელმწიფომ მომანიჭა. ბოლო 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევი ერთგულად. ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. ეს ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა. სამწუხაროდ, თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ვითხოვ არ გადამცენ თურქეთს", - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

ადვოკატები დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის მიმართ სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

როგორც მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა განაცხადა, არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულიყო.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე სკოლის მასწავლებლობასა და ტერორისტულ საქმიანობას ერთმანეთს ვერ უკავშირებს.

"ეს ადამიანი ორი ათეული წელია ემსახურება ქართულ განათლებას, ათი წლის განმავლობაში იყო მასწავლებელი, მხოლოდ ბოლო პერიოდში შეიძინა მასწავლებლობასთან ერთად მენეჯერული ფუნქციები. ის არ იყო მფლობელი და თუ რომელიმე კერძო კომპანიაში წილი გასხვისდება, ეს არ არის დაქირავებული პერსონალის გადასაწყვეტი. თუ რამე კანონდარღვევით მოხდა, არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც ეხებათ ეს", - განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ადვოკატის თქმით, საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ