შსს თამაშ "ლურჯი ვეშაპის" შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს თამაშ "ლურჯი ვეშაპის" შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში "ლურჯი ვეშაპი", რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც.

თამაშის დასასრულს, მოთამაშეს "კურატორი" აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.

მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ პერიოდში აღნიშნულმა თამაშმა საქართველოს ტერიტორიაზეც მოიკიდა ფეხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.

დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი", - ნათქვამია განცხადებაში.  ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ